რამაზ სვანაძე - დარწმუნებული ვარ, ევრო 2023-ს სრულ მზადყოფნაში შევხდებით #1TVSPORT
რამაზ სვანაძემ თურქეთის ქალაქ ბელეკში ლატვიის 21-წლამდე გუნდთან (1:0) გამართული ამხანაგური მატჩი შეაფასა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 1:0 მოიგო.
გამარჯვების გოლი 21-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა გიორგი გულიაშვილმა გაიტანა, რომელმაც ჩვენი ნაკრების საგრძნობი უპირატესობა გატანილ გოლში გარდასახა.
„ძალიან კარგია, რომ გავიმარჯვეთ. კარგია განწყობისთვის და, ზოგადად, ნაკრების დონეზე გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია. თამაშს ორ ძირითად ნაწილად დავყოფ – პირველი ტაიმში ერთადერთი, რაც დაგვაკლდა, მეტი გატანილი გოლი იყო. მეორე ნახევარში მეტოქე უფრო აგრესიული გახდა და შედარებით გაგვიჭირდა.
ახალწვეულებს დიდი ხანია ვაკვირდებით. ბევრი მათგანი საქართველოში თამაშობს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ და ამიტომ მათ მიეცათ შანსი, ჩვენც, ბუნებრივია, გვაინტერესებდა, სანაკრებო დონეზე დაკისრებულ მოვალეობას ისინი თავს როგორ გაართმევდნენ.
ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა, ერთი კვირა იდეალურ გარემოში და იდეალურ პირობებში გავატარეთ. აქცენტი გადატანილი გვქონდა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაზე და დღევანდელი მატჩიც შესაბამისი იყო – ტაიმებს შორის სისტემის ცვლილებას ვგულისხმობ.
ჯამში, შეკრებით კმაყოფილები ვართ. ერთადერთი, სამწუხარო იყო ის, რომ ტრავმის გამო გუნდს შოთა ნონიკაშვილი და ნიკა ხორხელი გამოაკლდნენ და დღეს მოედანზე გასვლა ვერ შეძლეს – ბიჭებს, მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. რა თქმა უნდა, ველოდებით გაძლიერებას, რადგან ევროპის ჩემპიონატზე სულ სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ურთულეს ჯგუფში ვართ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ფინალურ ეტაპს სრულ მზადყოფნაში შევხდებით“, – ამბობს რამაზ სვანაძე.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა კალენდარული სეზონი, შარშანდელის მსგავსად, გამარჯვებით დაიწყო. შემდეგ შეხვედრას გუნდი ივნისში, ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურში გამართავს – ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ პორტუგალიას დაუპირისპირდება.