რამაზ სვანაძე - დაეხმარება თუ არა გოგლიჩიძე ახალგაზრდულ ნაკრებს პლეი ოფში, მალე გადაწყდება #1TVSPORT
რამაზ სვანაძე - დაეხმარება თუ არა გოგლიჩიძე ახალგაზრდულ ნაკრებს პლეი ოფში, მალე გადაწყდება #1TVSPORT

დაეხმარება თუ არა ნოემბერში იტალიური „ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში, ამის შესახებ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ კომენტარი ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გააკეთა.

„ეროვნული ნაკრები ყოველთვის და ყველგან პრიორიტეტულია, მაგრამ ზოგჯერ დგება ისეთი მომენტი, როგორიც შარშან, ევრო 2023-ზე იყო, სადაც ეროვნული ნაკრებიდან 5-6 ფეხბურთელი დავიმატეთ. გოგლიჩიძის ამბავი ძალიან მალე გაირკვევა. რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელებთან ერთად დავსხდებით და დავილაპარაკებთ. მთავარია, ამ თამაშებამდე როგორ მდგომარეობაში მივალთ, ტრავმების აცილებას ვგულისხმობ.

ორივე ნაკრები მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ და ორივე გუნდის ინტერესები იყოს დაცული. ეროვნულ ნაკრების ხელმძღვანელობა, გოგლიჩიძის გარდა, კიდევ რამდენიმე მოთამაშეს აკვირდება.

ჩვენი მუშაობის მთავარი მიზანი სწორედ ესაა. დარწუნებული ვარ, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მთავარ ნაკრებში კიდევ უფრო მეტს გადაიყვანენ, იმიტომ, რომ ევრო 2023-ზე ჩვენი გუნდის წევრებმა უდიდესი გამოცდილება შეიძინეს.

რაც შეეხება ხორვატიასთან საშინაო მატჩს, სად ჩატარდება, ჯერ დაზუსტებით ცნობილი არაა, მაგრამ, სავარაუდოდ, შეხვედრას თბილისი უმასპინძლებს“, – განაცხადა სვანაძემ.