რამაზ სვანაძე - ჩვენი მიზანია, დადებით შედეგს მივაღწიოთ და ბოლო ტურში მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყოთ დამოკიდებული #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ, იტალიური „ფროზინონეს“ თავდამსხმელმა გიორგი კვერნაძემ და დონეცკის „შახტარის“ მცველმა ირაკლი აზაროვმა კომენტარი გააკეთეს ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უმნიშვნელოვანეს მატჩზე, რომელსაც გუნდი სტუმრად კონკურენტ შვედეთთან იენჩეპინგის „შტადსპარკსვალენზე“ გამართავს.
რამაზ სვანაძე: „ჩვენი გეგმა იყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი ბოლო ტურებამდე გვქონოდა და ძალიან კარგია, რომ ეს ამოცანა შევასრულეთ. ამის უკან დიდი შრომა დგას, როგორც ფეხბურთელებისა და სტაფის წევრების, ასევე ყველა იმ ადამიანის ვინც ამ საქმეში იყო ჩართული.
ეს შესარჩვი ციკლი ფეხბურთელებისთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩემმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იციან, რა დონის გუნდს ხვდებიან და რა მნიშვნელობის თამაში უწევთ. ეს იქნება ერთგვარი ფსიქოლოგიური ტესტი, სადაც ხასიათს, რომელიც ამ გუნდს ყოველთვის ჰქონდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ამიტომ მწამს და მჯერა ჩემი ფეხბურთელების.
როგორც ყოველთვის, მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა – ერთად სულ ორი დღე ვივარჯიშეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეკრება ნაყოფიერად გამოვიყენეთ და თამაშისთვის მზად ვართ.
გული მწყდება, რომ გაბრიელ სიგუას, საბა საზონოვისა და ლუკა გაგნიძის არყოფნის გამო იმ შემადგენლობით ვერ ვითამაშებთ, როგორც წარმომედგინა. საბა გოგლიჩიძის არყოფნას დანაკლისს ვერ დავარქმევ, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია, ეროვნულ ნაკრებს კადრები უწყვეტად მივაწოდოთ. პირიქით, მისი დაწინაურებით მოხარული ვარ და საბას წარმატებებს ვუსურვებ. ძალიან მიხარია, რომ ჩვენგან ფეხბურთელები მიდიან ეროვნულ ნაკრებში, სამწვრთნელო სტაფი კი მათ კარს თამამად უღებს.
შვედებთან ბათუმში მიმდინარე ციკლში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. არაერთი საგოლე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, თორემ დღეს სატურნირო ცხრილში აბსოლუტურად სხვა სურათი გვექნებოდა. ჩვენი მეტოქე იმასთან შედარებით უკვე ბევრად გამოცდილი გუნდია, მაგრამ ჩვენც ვიზრდებით, რაც არაერთხელ დავამტკიცეთ. ჩვენი მიზანია, დადებით შედეგს მივაღწიოთ და ბოლო ტურში მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყოთ დამოკიდებული“.
გიორგი კვერნაძე: „ყველას გათავისებული გვაქვს, რა მნიშვნელობის თამაშია, ვემზადებით და გვინდა, რომ სამი ქულა ავიღოთ. ზოგადად, ეს ტურნირი მნიშვნელოვანია, დარჩენილი თამაშები კი ფინალის ტოლფასია. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს, არც ერთი ქულა არ უნდა დავკარგოთ“.
ირაკლი აზაროვი: „მიხარია, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს შვედებთან და შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მნიშვნელოვან მატჩებში დავეხმარები. ვემზადებით, რომ ორივე თამაში მოვიგოთ და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ. ვფიქრობ, რომ შვედეთთან ბათუმში უნდა მოგვეგო, რადგან 100-პროცენტიანი მომენტები ვერ გამოვიყენეთ.
შვედეთის ნაკრები მასპინძელია, მათ ბოლო ორ მატჩში მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ და გვაქვს მოლოდინი, რომ თავიდანვე შემოგვიტევს. თუმცა მზად ვართ, მეტოქეს კონტრთამაში დავუპირისპიროთ“.
საქართველოს ნაკრებს 16 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა, ხოლო შვედეთი 14 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. შვედეთის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს 15 ოქტომბერს ქუთაისში უმასპინძლებს.
შვედეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 10 ოქტომბერს 20:00 საათზე შემოგთავაზებთ.