რამაზ სვანაძე - ჩვენი ამოცანაა ევრო 2023-ს მომზადებულები შევხვდეთ #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთთან ვოლუნტარიში გამართული ამხანაგური შეხვედრა გიორგი გულიაშვილის გოლით ფრედ დაასრულა (1:1).
მატჩი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეაფასა.
„საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა, საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგესთან. ჩემი აზრით, უპირატესობას ვფლობდით და შეგვეძლო, შეხვედრა გამარჯვებით დაგვესრულებინა“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანაკრებო სელექციის გაგრძელების აუცილებლობაზე ილაპარაკა.
„მთავარი ამ ეტაპზე, შედეგთან ერთად არის სელექცია – გვყავდა რამდენიმე დებიუტანტი და რა თქმა უნდა ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენი ამოცანა უცვლელი რჩება – 2023 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატს მომზადებული უნდა შევხვდეთ“, – აცხადებს სვანაძე.
საქართველო და რუმინეთი 2023 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ერთად უმასპინძლებენ. აქედან გამომდინარე, ორივე ნაკრები შესარჩევ ეტაპებს გამოტოვებს და ავტომატურად ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
საქართველოს ახალაგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2023-ისთვის მზადება გაზაფხულზე ბელარუს თანატოლთა გუნდთან ამხანაგური მატჩით დაიწყო – 29 მარტს გორში გამართულ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე 4:1 დაამარცხა.