რამაზ სვანაძე - ბევრი ვიშრომეთ აქ რომ ვყოფილიყავით და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ #1TVSPORT
ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებთან ევრო 2025-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩამდე საქართველოს ახალგაზრდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა.
„პირველ თამაშზე დიდი ენერგია დავხარჯეთ და ჩვენთვის მთავარი ძალების აღდგენა იყო. თამაშამდე ერთი დღე გვაქვს, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრები მოედანზე მობილიზებული და ძალებაღდგენილი გავა.
რთულ თამაშს ველოდებით. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან ძლიერ და ინდივიდუალურად ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს ვეთამაშებით.
ხორვატიის ნაკრებს და მთლიანად ხორვატ ერს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს. ბევრი ვიშრომეთ, რომ აქ ვყოფილიყავით, ბევრი რამ ჩვენთვის პირველად მოხდა და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთად გავიხაროთ“.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩში ხორვატიის 21-წლამდელთა გუნდს 19 ნოემბერს ხორვატიის ქალაქ რიეკაში დაუპირისპირდება. 22:00 საათიდან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.