რამაზ სვანაძე - ბევრ საგოლე მომენტს ვერ ვიყენებთ და ეს ძვირად გვიჯდება #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ნოემბრის შეკრება შეაფასა, რომლის ფარგლებშიც გუნდმა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა – ისრაელთან 1:2 დამარცხდა, ხოლო უკრაინასთან 1:1 ითამაშა.
„ძალიან ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. მესმის, რომ ამ ორი მატჩის შედეგი არ იყო სასურველი, მაგრამ 10 დღე გუნდთან ერთად გავატარეთ, სელექციის მხრივ დიდი სამუშაო ჩავატარეთ. ეროვნული ლიგიდან ბევრ ახალ მოთამაშეს მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ჩვენ მათზე უკვე გვაქვს ინფორმაცია, რაც ძალიან კარგია.
კანდიდატების რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, ნაკრებში კონკურენციაც იმატებს. ეს ფაქტორი ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობის დასახელების პროცესში არჩევანის გაკეთების საშუალებას გაგვიადვილებს.
უკრაინასთან მატჩს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ფრე სამართლიანი შედეგია. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა. საერთოდ, ყველაზე საწყენი ის არის, რომ ბევრ საგოლე მომენტს ვქმნით, მაგრამ, კონცენტრაციის ნაკლებობის გამო, ვერ ვიყენებთ და ეს ძვირად გვიჯდება. ამ მხრივ ბევრი სამუშაო გვაქვს.
მას შემდეგ, რაც ევრო 2023-ზე ჩვენი მეტოქეების ვინაობა შევიტყვეთ, ეს პირველი შეკრება იყო. ბევრი რამ შევცვალეთ, ბევრ რამეს სხვაგვარად მივუდექით – ეს ეხება როგორც შეტევით, ასევე დაცვით ფაზაში თამაშს,“ – განაცხადა რამაზ სვანაძემ.