რამაზ სვანაძე ახალგაზრდულ ევრო 2023-ს პროლიცენზიით შეხვდება - სასწავლო მასტერტესტს რუსთავმა უმასპინძლა #1TVSPORT
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში უეფა-ს მწვრთნელთა განათლების პროლიცენზიის მონაწილეთა გამოცდა გაიმართა. ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტია.
საგამოცდო მოდულში მონაწილეობდნენ ცნობილი მოქმედი მწვრთნელები – საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე (რომელიც გუნდს საქართველოში გასამართ ევრო 2023-ზე გაუძღვება), ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა ფირცხალაიშვილი.
მათ და მოდულის ყველა მონაწილემ თეორიული და პრაქტიკული სესია წარმატებით ჩააბარეს. მწვრთნელების პროლიცენზიები სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა, ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ და მწვრთნელთა განათლების ხელმძღვანელმა, ვასილ მაისურაძემ გადასცეს.
კურსზე სწავლება როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ სამუშაოებს მოიცავდა და 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.