რამაზ სვანაძე - 21-წლამდელთა ახალი თაობისგან პირველ გასვლით მატჩში ხასიათის გამოვლენას ველი #1TVSPORT
დღეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კიშინიოვში მოლდოვას დაუპირისპირდება. გუნდი ორი დღეა, მატჩისთვის სტუმრად, „ზიმბრუს“ საწვრთნელი კომპლექსის მოედანზე ემზადება.
რამაზ სვანაძის გუნდმა 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 6 სექტემბერს, გიბრალტართან გამარჯვებით დაიწყო – 2:0. გოლები ოთარ მამაგეიშვილმა და გუნდის ახალწვეულმა, ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანეს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეხვედრას დანაკლისით ხვდება. გუნდს ქუთაისში, გიბრალტართან მატჩში მიღებული ტრავმის გამო „ბაზელის“ ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა გამოაკლდა.
მატჩამდე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი პირველ გასვლით შეხვედრას მოიგებს.
„მოლდოვასთან თამაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია. განწყობა საბრძოლოა. ვეცდებით, საქართველოში დადებითი შედეგით დავბრუნდეთ. დრო გვქონდა და ამიტომ ვთვლი, რომ გუნდი თამაშისთვის მზად არის.
შეხვედრა იმის გამოც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს 21-წლამდელთა ახალი თაობის პირველი გასვლითი მატჩია. მათგან ველოდები ხასიათის გამოვლენას და იმ მენტალურ მდგრადობას, რაც გასვლით თამაშებში დაგვჭირდება.“, – ამბობს რამაზ სვანაძე.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მატჩი კიშინიოვში, „ზიმბრუს“ სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.