„რაკუვთან“ მატჩის დროს კვარაცხელიას მაისურაზე გვარი წაეშალა #1TVSPORT
„რაკუვთან“ მატჩის დროს კვარაცხელიას მაისურაზე გვარი წაეშალა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას უეფა-ს კონფერენს ლიგის მე-3 შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში კურიოზული ამბავი შეემთხვა – ყაზანის „რუბინი“ პოლონურ „რაკუვს” ესტუმრა, მატჩისას მოთამაშეებს ფორმებზე წარწერები წაეშალათ.

ყაზანელებმა შეხვედრა ახალ, ოქროსფერ ფორმაში დაიწყეს. მაგრამ მან ვერ გაუძლო წვიმის ზემოქმედებას. შედეგად, ფეხბურთელების მაისურებზე ამოტვიფრული გვარების ასოების ნაწილი ჩამოირეცხა. ხვიჩა კვარაცხელიას მაისურზე მხოლოდ რამდენიმე ასო დარჩა.

ყაზანის კლუბის პრესსამსახური ვითარებას იუმორით გამოეხმაურა. კვარაცხელიას ფოტო „რუბინის“ Twitter გვერდზე გამოჩნდა წარწერით – „ითამაშეთ არა გვარისთვის ზურგზე, არამედ მკერდზე ემბლემისთვის“.

აღსანიშნავია, რომ ეს ხვიჩა კვარაცხელიასთვის საკლუბო დონეზე ევროგათამაშებაში პირველი მატჩია. შეხვედრა თბილისის დროით 5 აგვისტოს 23 საათზე დაიწყო.