„რაკოვმა“ გაგნიძის ტრანსფერი დაადასტურა - იმედია, ტექნიკური ქართველი გადამწყვეტ მატჩებში დაგვეხმარება #1TVSPORT
ენსტოხოვას „რაკოვმა“ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლუკა გაგნიძესთან კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას პოლონეთის ექსტრაკლასას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
„ქართველმა ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ ჩენსტოხოვას „რაკოვთან“ კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2021/2022 წლების სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში. 19 წლის ფეხბურთელმა მანამდე მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი შეაჩერა. ლუკა, მოგესალმებით „რაკუვში“ და წარმატებებს გისურვებთ!“, – წერია ჩენსტოხოვას „რაკოვის“ გავრცელებულ ცნობაში.
„რაკოვის“ ახალწვეულმა კარიერა „დინამო თბილისის“ აკადემიაში დაიწყო. იქ შედგა მისი დებიუტი საქართველოს ლიგაში, სადაც „დინამოში“ 18 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
2021 წლის ივლისში მან ხელი მოაწერა კონტრაქტს მოსკოვის „დინამოსთან“, რომელმაც იჯარით ეკატერინბურგის „ურალში“ გაუშვა. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში 1 აგვისტოს შედგა. ჯამში გაგნიძემ „ურალის“ შემადგენლობაში 13 თამაში ჩაატარა.
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მინდა კარგად ვითამაშო და გუნდს კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასვლაში დავეხმარო“, – განაცხადა ლუკა გაგნიძემ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
კომენტარი გააკეთა გუნდის სპორტულმა დირექტორმა რობერტ გრაფმა.
„მოთამაშეთა რეგისტრაციის წესებში ფიფა-ს მიერ შეტანილმა ცვლილებებმა მოგვცა ამ ტრანსფერის განხორციელების საშუალება. გაგნიძე ახალგაზრდა ფეხბურთელია კარგი ტექნიკით. ის ჩვენთვის კიდევ ერთი ვარიანტი იქნება ნახევარდაცვაში. გვჯერა, რომ ლუკა სწრაფად მოერგება გუნდს და სეზონის გადამწყვეტ მატჩებში დაგვეხმარება“.