რაიმონ დომენეკმა „ნანტი“ ჩაიბარა
რაიმონ დომენეკმა „ნანტი“ ჩაიბარა

ლიგა 1-ის კლუბმა „ნანტმა“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად 68 წლის რაიმონ დომენეკის დანიშვნის შესახებ. მხარეებს შორის ექვსთვიანი კონტრაქტი გაფორმდა.

68 წლის სპეციალისტს პროფესიულ დონეზე 10 წელი არ უმუშავია. მისი ბოლო გუნდი იყო საფრანგეთის ნაკრები, რომელსაც 2004-10 წლებში წვრთნიდა და 2006 წელს, მასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2016-19 წლებში დომენეკი ბრეტანის ნაკრებს ავარჯიშებდა, რომელსაც არ აქვს პროფესიული სტატუსი და არ შედის ფიფასა და უეფას შემადგენლობაში. საკლუბო დონეზე დომენეკი პირველად იმუშავებს ბოლო 27 წლის განმავლობაში – 1993 წელს მან დატოვა „ლიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი.

დომენეკმა „ნანტის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კრისტიან გურკუფი შეცვალა. ლიგა 1-ში 17 ტურის შემდეგ, „ნანტი“ მე-16 ადგილზეა და სამი ქულით არის დაშორებული გასავარდნ ზონას.