რაიკონენი „ზაუბერს“ უბრუნდება
რაიკონენი „ზაუბერს“ უბრუნდება

2007 წლის ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონი კიმი რაიკონენი მიმდინარე სეზონის ბოლოს „ფერარის“ დატოვებს და „ზაუბერს“ დაუბრუნდება. 38 წლის ფინელს „ფერარიში“ 20 წლის მონაკოელი შარლ ლეკლერკი შეცვლის, რომელიც 2019 წელს სებასტიან ფეტელის პარტნიორი იქნება.

რაიკონენმა „ფერარიში“ ხუთი წელიწადი გაატარა, ახლა კი „ზაუბერთან“, რომელშიც 2001 წელს თავისი კარიერა დაიწყო, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„უკიდურესად კარგი შეგრძნებაა, როდესაც იქ ბრუნდები, სადაც ყველაფერი დაიწყე“, – დაწერა ფინელმა პილოტმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე.

რაიკონენი „ფერარის“ ბოლო პილოტია, რომელმაც 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ამის შემდეგ, 2010 წელს, მან ფორმულა 1-ისგან პაუზა აიღო და მსოფლიოს რალის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

2012 წელს, როდესაც ფორმულა 1-ში დაბრუნდა, ჯერ „ლოტუსს“ შეუერთდა, შემდეგ კი, 2014 წელს, ისევ „ფერარის“ გუნდის წევრი გახდა. კარიერაში რაიკონენი 20-გზის გრან-პრის მფლობელია და პოდიუმზე 100-ჯერ იდგა.

„ზაუბერის“ ხელმძღვანელმა ფრედერიკ ვასერმა განაცხადა, რომ რაიკონენის დაბრუნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და უახლოეს მომავალში გუნდი დიდ პროგრესს განიცდის.