რაჰიმ სტერლინგი აცხადებს, რომ „რეალ მადრიდი“ ფანტასტიკური კლუბია, თუმცა იქვე ამბობს, რომ „მანჩესტერ სიტიში“ თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.
25 წლის სტერლინგის მადრიდულ გუნდში გადასვლის თაობაზე ბოლო დროს რამდენიმე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია და ეს ხმები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც უეფამ „მანჩესტერ სიტის“ მომდევნო ორი წლით აუკრძალა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა. დისკვალიფიკაცია ძალაში 2020 წლის სეზონის დასრულების შემდეგ შედის.
„ამჟამად „სიტის“ ფეხბურთელი ვარ და აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ „რეალ მადრიდი“ ფანტასტიკური კლუბია. როდესაც მათ თეთრ მაისურს დაინახავ, წამსვე დიდი წარმატებები მოდის გონებაში. ასეა თუ ისე, მე კონტრაქტი მაკავშირებს „მანჩესტერ სიტისთან“, რომელსაც პატივი უნდა ვცე“, – ამბობს სტერლინგი.
„სიტი“ და „რეალ მადრიდი“ ერთმანეთს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვდებიან. პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უახლოეს ოთხშაბათს, 26 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი კი 17 მარტს შედგება.