რაგბიში საერთაშორისო 12 გუნდა ტურნირი იქმნება, რომელსაც მეორე დივიზიონიც ექნება
სანაკრებო რაგბი უახლოეს მომავალში რადიკალურად შეიცვლება. 12 გუნდა ტურნირში თითო ნახევარსფეროდან ექვს-ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საუბრები მიდის იმაზეც, რომ ახალი სარაგბო ფორუმი 2020 წლიდან აიღებს სტარტს.
„მსოფლიო რაგბის“ წარმომადგენლებმა სიდნეიში გასულ კვირაში ჩატარებული შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვეს, თუმცა „Sunday Times“ იტყობინება, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, არგენტინელი ავგუსტინ პიშოტი ახალი ტურნირის შექმნის მომხრეა.
ღონისძიება ივლისისა და ნოემბრის ტესტ ფანჯრის ნაცვლად გაიმართება. ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან „ექვსი ერის“ წარმომადგენლები ითამაშებენ, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროდან კი სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა და ახალი ზელანდია. სავარაუდოდ, ტურნირში იაპონია და ფიჯიც ჩაერთვებიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეიქმნება მეორე დივიზიონიც, რომელშიც საქართველო, რუმინეთი, ესპანეთი, აშშ, რუსეთი, ტონგა და სამოა ითამაშებენ. იგეგმება გერმანიისა და ჩინეთის დაინტერესებაც, რადგან ორივე ქვეყანას ძალიან ძლიერი ეკონომიკა აქვს.
უელსელი ჟურნალისტი, სტივენ ჯოუნსი ამბობს, რომ „მსოფლიო რაგბის“ კომიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
„ახლა ყველაფერი კომერციულ მხარეზეა დამოკიდებული. მე პირადად ძალიან გამიკვირდება, თუკი ისინი სპონსორების მოზიდვას ვერ მოახერხებენ.“ – განაცხადა ჯოუნსმა.