რაგბის ქართველ და რუმინელ გულშემატკივრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
რაგბის გულშემატკივართა ქართულმა კლუბმა „ქართული რაგბის მხარდამჭერები“ მემორანდუმი გააფორმა რუმინულ „კლუბ 16“-თან.
„ჩვენი კლუბი საქართველოში რაგბის გულშემატკივრებს აერთიანებს. მსგავს კლუბს ყველა სარაგბო ქვეყანაში წააწყდებით, მათ შორის „რაგბი ევროპის“ გათამაშებაზე ჩვენს პრინციპულ მეტოქე რუმინეთშიც – „კლუბი 16“-ის სახელწოდებით. ჩვენთვის სარაგბო ფასეულობების განვითარების გზაზე მნიშვნელოვანია რაგბის ნებისმიერი გულშემატკივარი და გულშემატკივართა კლუბი. ამიტომაც კლუბებს შორის კონტაქტის დამყარება და ურთიერთთანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთი ურთიერთობა დამყარდა ქართველ და რუმინელ გულშემატკივართა შორის. გაფორმდა მემორანდუმი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ „ქართული რაგბის მხარდამჭერებსა“ და „კლუბი 16 – რუმინეთის რაგბის გულშემატკივართა კლუბს“ შორის“, – ვკითხულობთ „ქართული რაგბის მხარდამჭერთა“ განცხადებაში.
მემორანდუმის თანახმად, მასპინძელი ქვეყნის მხარდამჭერთა კლუბი დახმარებას გაუწევს სტუმარი ქვეყნის მხარდამჭერთა კლუბს და დაეხმარება მოგზაურობის დაგეგმვასა და ორგანიზებაში, როგორებიცაა მაგალითად, თამაშის ბილეთების დაჯავშნა და რჩევები მოგზაურობასთან დაკავშირებით. აგრეთვე, გულშემატკივართა კლუბები იზრუნებენ საერთაშორისო სარბიელზე რუმინეთისა და ქართული რაგბის იმიჯზე და იზრუნებენ ანთიმოზ ივერიელის თასის ისტორიისა და იმიჯის მხარდასაჭერად.