რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა დაასრულა - „ბორჯღალოსნები“ უელსთან დამარცხდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო შეხვედრა უელსის წინააღმდეგ ჩაატარა და 19:43 დამარცხდა.
ამ შეხვედრამდე „ბორჯღალოსნებმა“ სამი თამაშიდან სამი ქულა მოიპოვეს (ფრე პორტუგალიასთან და ნუგეშის ქულა ფიჯისთან) და პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდათ, უელსს კი საქართველოსთან წარმატებული თამაში ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად სჭირდებოდა.
მატჩის წინ „ბორჯღალოსნები“ ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ტრავმების გამო შეხვედრას ბექა გორგაძე, ლუკა ჯაფარიძე, მირიან მოდებაძე, ლაშა ჯაიანი, თენგიზ ზამთარაძე და ლუკა ივანიშვილი ტოვებდნენ. სამაგიეროდ, ნაკრებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და კვაჭი შალვა მამუკაშვილი დაუბრუნდნენ.
შეხვედრის საწყის წუთებში თანაბარი ორთაბრძოლა წარიმართა, გუნდები უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ და ეს შედარებით უკეთ უელსის ნაკრებს გამოუვიდა, რომელთა შეტევები თანდათან უფრო მწვავე გახდა და მე-15 წუთზე პირველი ლელოთი დასრულდა – საქართველოს ნაკრების ხუთმეტრიან ზონასთან ახლოს „დრაკონებმა“ საკუთარი დერეფანი მოიგეს, მოლი დააყენეს. საბოლოოდ, შეტევა ფრენსისის ლელოთი და კოსტელოუს გარდასახვით დასრულდა – 7:0.
უელსის ნაკრების უპირატესობა თანდათან უფრო თვალსაჩინო გახდა, მათი შეტევები კი – უფრო სახიფათო. 22-ე წუთზე ბრიტანელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს – მეორე ლელო ლიამ უილიამსმა დადო.
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები, ძირითადად, თავს იცავდა და იშვიათად ახერხებდა შეტევაში გადასვლას, თუმცა 35-ე წუთზე მერაბ შარიქაძემ ლელო მაინც დადო, ლუკა მატკავამ კი ზუსტად გარდასახა და სხვაობა შეამცირა – ტაიმი უელსმა 17:7 მოიგო.
მეორე ტაიმის სტარტი კვლავ უელსის ნაკრების იყო, დასაწყისშივე მოახერხა კიდევ ერთი ლელოს დადება და 24:7 დაწინაურდა.
ლევან მაისაშვილი შეცვლებით შეეცადა თამაშის გამოსწორებას, რაც მარქაფის მოთამაშეებმა ნაწილობრივ მოახერხეს და რამდენიმე შეტევის განხორციელება სცადეს, ერთ ეპიზოდში ტაბუცაძე ახლოსაც იყო ლელოს დადებასთან, მაგრამ ბოლო მომენტში უელსელებმა მოახერხეს მისი კიდეზე გადაყვანა.
ქართველი მორაგბეების შეტევები უფრო მწვავე გახდა და 59-ე წუთზე კიდევ ერთი ლელოთი დასრულდა – „ბორჯღალოსნების“ შეტევა ვანო კარკაძემ დააგვირგვინა, მატკავამ ამჯერადაც ზუსტად გარდასახა – 24:14.
ქართველმა მორაგბეებმა იგრძნეს, რომ თამაში მათი უპირატესობით მიდიოდა და ორ წუთში კიდევ ერთი ლელო დადეს – დავით ნინიაშვილმა საკუთარი მოედინდან სწრაფად წაიღო ბურთი და მეტოქის ჩათვლის მოედანში „შეფრინდა“ – 24:19.
67-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს უელსელების სწრაფი შეტევა გამოეპარათ, შანსი რის-ზამიტმა შესანიშნავად გამოიყენა – უელსმა მეოთხე ლელო დადო და ბონუსქულაც მოიპოვა.
73-ე წუთზე უელსმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხა, მანმადე კი, მორაგბეებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ, არბიტრმა ნინიაშვილი და ბაშამი სინბინში გაუშვა. საბოლოოდ კი უელსმა 43:19 მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილით მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა ერთი ფრით და სამი წაგებით დაასრულა, „ბორჯღალოსნებმა“ ვერც ჯგუფში მესამე ადგილის მოპოვება მოახერხეს, რაც მომავალ მსოფლიო თასზე ავტომატურად თამაშის უფლებას მისცემდა.