რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები დასკვნით შეხვედრას უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები დასკვნით შეხვედრას უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო თასის დასკვნით შეხვედრას 7 ოქტომბერს უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

უელსმა ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გასვლა გარანტირებული აქვს, თუმცა საქართველოსთან წარმატებით თამაში მათ პირველი ადგილის გასანაღდებლად სჭირდებათ, რითიც მეოთხედფინალში ინგლისთან თამაშს აირიდებენ და, სავარაუდოდ, არგენტინის ან იაპონიის ნაკრებს შეხვდებიან (ამ გუნდების მატჩი 8 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება).

სატურნირო მდგომარეობაც რომ არ იყოს, უელსელებს მწარედ ახსოვთ 2022 წელს მშობლიურ კარდიფში, „მილენიუმზე“ ქართველებთან განცდილი მარცხი (12:13) და რევანში აქვთ ასაღები.

„ბორჯღალოსნებს“ სამი თამაშიდან სამი ქულა აქვთ (ფრე პორტუგალიასთან და ნუგეშის ქულა ფიჯისთან). უელსთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრები ტრავმების გამო ურთულეს სიტუაციაშია, გუნდს ბექა გორგაძე, ლუკა ჯაფარიძე, მირიან მოდებაძე, ლაშა ჯაიანი და თენგიზ ზამთარაძე გამოაკლდნენ, მომავალ შეხვედრას გამოტოვებს ლუკა ივანიშვილიც. ტრავმები მოირჩინეს და ნაკრებს უბრუნდებიან გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ისინი შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ.

საქართველოს ნაკრები უელსს აქამდე ოთხჯერ შეხვდა, საიდანაც პირველი სამი თამაში უელსმა მოიგო – 2017 წელს კარდიფში 13:6; 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე 43:14 და 2020 წელს ჰლანეჰლიში 18:0. ბოლოს ბრიტანელებთან 2022 წელს კარდიფში, „მილენიუმზე“ ტესტმატჩში ვითამაშეთ და ტიერ 1-ის გუნდთან მეორე გამარჯვება მოვიპოვეთ (მანამდე „ბორჯღალოსნებმა“ ბათუმში იტალია დაამარცხეს). ამ ოთხ თამაშში საქართველოს ნაკრებმა სამი ლელო დადო, თავად კი 11 მიიღო.

საქართველოსთან წაგების შემდეგ უელსის ნაკრებს მწვრთნელი შეეცვალა – გუნდის სათავეში გამოცდილი უორენ გეთლანდი დაბრუნდა, რომელიც „დრაკონებს“ (უელსის ნაკრების მეტსახელი) 2007-2019 წლებში წვრთნიდა და არაერთი წარმატება მოუტანა – გეთლანდის თავკაცობით ბრიტანელებმა მსოფლიო თასზე სამჯერ ითამაშეს და ორჯერ მეოთხე ადგილი დაიკავეს.

მწვრთნელები

უორენ გეთლენდი (უელსის ნაკრების მწვრთნელი): „საქართველო პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანაა. ახლა წარსულზე ლაპარაკის დრო არ არის, ჩვენ მხოლოდ მომავალზე ვფიქრობთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მეტოქე, ეს მსოფლიო თასია, ყველა გუნდი მაღალ დონეზეა მომზადებული.

საქართველომ ფიჯისთან კარგი მატჩი ჩაატარა და მოგებაც შეეძლო. ისინი პროგრესირებენ როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე.

უელსის ნაკრების მიზანია წინსვლა განაგრძოს. საიდუმლოებები არ გვაქვს, ბიჭები ყველაფერს აკეთებენ, რათა 80 წუთის მანძილზე თავდაჯერებულნი იყვნენ და საუკეთესო თამაში აჩვენონ“.

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): „უელსის ნაკრები თავდაჯერებული და ძლიერი გუნდია, რომელსაც თავისი სათამაშო გეგმა ძალიან კარგად ესმის. „დრაკონები“ მსოფლიო თასს ახალი მწვრთნელით შეხვდნენ და მზადებაც ტურნირამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს. ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგეს და შემთხვევითი არაა, რომ პირველ ადგილზე არიან.

მართალია, ტრავმების გამო ბევრი მორაგბე დაგვაკლდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ვინც შაბათს მინდორზე გავა, მაქსიმალურად დაიხარჯება. სხვას ბევრს ვერაფერს ვიტყვი, დანარჩენს თამაში გამოაჩენს“.

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე („შავი ლომი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. გიორგი კვესელაძე („გლოსთერი“), 12. მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი („ლიონი“), 10. ლუკა მატკავა („შავი ლომი“), 9. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“), 2. შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“), 3. ბექა გიგაშვილი („ტულონი“), 4. ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), 5. კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე („შავი ლომი“), 7. ბექა საღინაძე („ლიონი“), 8. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“).

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე („ბრივი“), 17. ნიკა აბულაძე („ექსეთერ ჩიფსი“), 18. ირაკლი აფციაური („გრენობლი“), 19. ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“), 20. გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“); 21. გელა აფრასიძე („ბეიონი“), 22. თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), 23. დემე თაფლაძე („შავი ლომი“).

უელსი

ხაზი: 15. ლიამ უილიამსი, 14. ლუის რის-ზამიტი, 13. ჯორჯ ნორტი, 12. ნიკ ტომპკინსი, 11. რიო დიერი, 9. ტომოს უილიამსი.

შერკინება: 1. გარეთ ტომასი, 2. დეივ ლაკი (კაპ), 3. ტომას ფრანცისი, 4. ვილ როულანდი, 5. დაფიდ ჯენკინსი, 6. აარონ უაინრაითი, 7. ტომი რეფელი, 8. ტულუპი ფალეტაუ.

მარქაფა: 16. ელიოტ დი, 17. ნიკ სმიტი, 18. ჯენრუ ტომასი, 19. კრის ტიუნზა, 20. ტაინ ბაშამი, 21. გარეთ დევისი, 22. სემ კოსტელო, 23. მეისონ გრიდი.