რაგბის მსოფლიო თასი | უორენ გეთლანდი - საქართველო პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანაა #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უელსს დაუპირისპირდება. ნანტში ჩასატარებელი მატჩის წინ უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა, უორენ გეთლანდმა პრესკონფერენცია გამართა.
გეთლანდს „ბორჯღალოსნებთან“ გასული წლის ნოემბერში განცდილი მარცხიც შეახსენეს. მაშინ ლევან მაისაშვილის გუნდმა კარდიფში უელსს 13:12 სძლია.
„საქართველო პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანაა. ახლა წარსულზე ლაპარაკის დრო არაა, ნოემბრის მარცხი არ გაგვიხსენებია. ჩვენ მხოლოდ მომავალზე ვფიქრობთ. როდესაც ვიკინგები ინგლისში ჩავიდნენ, მათ არ სურდათ, უელსში შესულიყვნენ. მათ იცოდნენ, როგორი მებრძოლები არიან უელსელები. ქართველებსაც უამრავი ბრძოლა აქვთ გადატანილი ისტორიაში.
არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეთამაშები. ეს მსოფლიო თასია, ყველა კარგადაა მომზადებული და პირველი 20 წუთი თანაბარი იქნება. საქართველო კარგი იყო ფიჯის წინააღმდეგ და გამარჯვებაც შეეძლო. ისინი პროგრესირებენ როგორც სანაკრებო, ისევე საკლუბო დონეზე.
უელსის ნაკრების მიზანი და სურვილია, განაგრძოს წინსვლა. საიდუმლოებები არ გვაქვს, ყველაფერი შრომასთანაა დაკავშირებული. ბიჭები ყველაფერს აკეთებენ, რათა 80 წუთის მანძილზე თვითდაჯერებულნი იყვნენ და თავიანთი საუკეთესო თამაში აჩვენონ“, – განაცხადა გეთლანდმა.
ამ მომენტისთვის „ბორჯღალოსნებმა“ ჯგუფში ორი მატჩი დათმეს, ხოლო ერთი ფრედ დაასრულეს. რაც შეეხება უელსს, მეტოქემ სამივე თამაში მოიგო. საქართველოსა და უელსის ნაკრებების მატჩი 7 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.