რაგბის მსოფლიო თასი | სემი რადრადრა - ყველამ ვიცით, საქართველო რა დონის გუნდია #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენი გუნდის მეტოქე ფიჯია, რომელსაც მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს.
„ბორჯღალოსნებთან“ მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა ფიჯის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, სემი რადრადრამ. როგორც ის აცხადებს, საქართველოს ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს და ფიჯელებს იოლი თამაში არ ელით.
„ყველამ ვიცით, რა დონის გუნდი ჰყავს საქართველოს. მათთან ხშირად გვიწევს თამაში. ქართველი მოთამაშეები ფიზიკურად ძლიერები არიან და ძალისმიერ დაპირისპირებებში მეტოქის ჩართვა უყვართ.
ჩვენი ამოცანაა, მათ ფიზიკურ შემოტევებს გავუმკლავდეთ, განსაკუთრებით, წინა ხაზში. ასევე, ვითამაშოთ ჩვენს სტილში და, ვფიქრობ, ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება“, – განაცხადა რადრადრამ.
ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ერთი ფრე და ერთი მარცხი აქვს. რაც შეეხება ფიჯის, კუნძულელებმა წინა ტურში ავსტრალია დაამარცხეს, ხოლო მანამდე უელსთან დათმეს შეხვედრა. თუ ისინი დარჩენილ ორ თამაშს მოიგებენ, მსოფლიო თასის პლეი ოფში ითამაშებენ.
საქართველოსა და ფიჯის შეხვედრა ბორდოში თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.