რაგბის მსოფლიო თასი | ფიჯისთან საქართველოს ნაკრებს მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს - სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
30 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე მესამე შეხვედრას ჩაატერებს – ბორდოში „ბორჯღალოსნების“ მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება. მატჩი 19:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
პორტუგალიასთან ფრედ (18:18) დასრულებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობაში ცვლილელბები განახორციელა, რომელთაგან რამდენიმე მოთამაშეთა ტრავმებით არის გამოწვეული – ამ მიზეზით ნაკრებს ბექა გორგაძე და ლუკა ჯაფარიძე დააკლდნენ, მათ ნაცვლად საფრანგეთში ოთარ გიორგაძეს და ირაკლი აფციაურს უხმეს. ფიჯისთან ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, მის ნაცვლად გუნდს მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს. ნარიაშვილისთვის ეს საქართველოს ნაკრებში 74-ე მატჩია, აქედან ხუთჯერ იგი ბორჯღალოსნების კაპიტანი იყო. ნარიაშვილთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა ბექა გიგაშვილმა.
კვაჭის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა თენგიზ ზამთარაძე. თითო ცვლილებაა მეორე და მესამე ხაზში – კოტე მიქაუტაძეს ამჯერად ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება; თორნიკე ჯალაღონია ტრავმირებული გორგაძის ადგილს დაიკავებს, ფლანკერად კი მსოფლიო თასზე თავის სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს მიხეილ გაჩეჩილაძე. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ.
წინა მატჩის შემდეგ ოთხი ცვლილებაა ხაზში. შეიცვალა ღერძი და თამაშს ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი იწყებს. ცენტრში შარიქაძის ადგილზე გიორგი კვესელაძე გადაინაცვლებს და მას დემე თაფლაძე შეუწყვილდება.
ფულბეკის პოზიციაზე ამჯერად მირიან მოდებაძე დადგება, დავით ნინიაშვილი კი ფრთაზე გადაინაცვლებს, ხოლო მეორე ფრთაზე კვლავ აკაკი ტაბუცაძეს ვიხილავთ.
საქართველო
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე („შავი ლომი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), 12. გიორგი კვესელაძე („გლოსთერი“), 11. დავით ნინიაშვილი („ლიონი“), 10. ლუკა მატკავა („შავი ლომი“), 9. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“).
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი („შავი ლომი“, კაპ.), 2. თენგიზ ზამთარაძე („შავი ლომი“), 3. ბექა გიგაშვილი („ტულონი“), 4. ლაშა ჯაიანი („ნევერი“), 5. კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე („შავი ლომი“), 7. ბექა საღინაძე („ლიონი“), 8. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), 17. ნიკა აბულაძე („ექსეთერ ჩიფსი“), 18. ირაკლი აფციაური („გრენობლი“), 19. ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), 20. ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“); 21. გელა აფრასიძე („ბეიონი“), 22. თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), 23. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“).
ფიჯი
ხაზი: 15. ილაისა დროასესე, 14. სელესიტინო რავუტაუმადა, 13. ვაისეა ნაიაკალევუ, 12. იოსუა ტუისოვა, 11. სემი რადრადრა, 10. ტეტი ტელა, 9. სიმიონე კურუვოლი.
შერკინება: 1. ერონი მავი, 2. სამუელ მატავესი, 3. ლუკე ტაგი, 4. ისოა ნასილასილა, 5. ტე აჰივალუ ჩირიკიდავეტა, 6. ლეკიმა ტაგიტაგივალუ, 7. ლევანი ბოტია, 8. ვილიამე მატა.
მარქაფა: 16. ტევიტა იკანირავე, 17. რანი რავაი, 18. სამუ ტავაკე, 19. ტემო მაიანავანუა, 20. ალბერ ტუისუე, 21. ფრანკ ლომანი, 22. ვილიმონი ბოტიტუ, 23. ვინაია ჰაბოსი.
კომენტარები
ვასილ ლობჟანიძე: „ვიცით, როგორი ძლიერი გუნდია ფიჯი და შესაბამისად ვემზადებით. გავითვალისწინეთ პორტუგალიასთან დაშვებული შეცდომები და კვირის განმავლობაში მათ გამოსწორებაზე ვმუშაობდით. შევეცდებით, უფრო ლაღად ვითამაშოთ და ვაჩვენოთ ის რაგბი, რისი ჩვენებაც ავსტრალიასთან და პორტუგალიასთან ვერ შევძელით“.
დემე თაფლაძე: „ფიჯი ბოლო დროს გაძლიერდა და ტაქტიკურად და ტენიკურად ძალიან განვითარდა. ვვითარდებით ჩვენც და ვეცდებით, მათ ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ვცდილობთ, აღმოვფხვრათ ის შეცდომები, რომლებიც პირველ ორ თამაშში გვქონდა“.