რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი ბორდოში 30 სექტემბერს გაიმართება და 19:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეხვედრას გუნდებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ფიჯის ნაკრები C ჯგუფში მეორე ადგილზეა და მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს, საქართველო კი შეეცდება, ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილისთვის იბრძოლოს, რაც მომავალ მსოფლიო თასზე ავტომატურად თამაშის შესაძლებლობას მისცემს.
„ბორჯღალოსნებმა“ საფრანგეთში ორი მატჩი ჩაატარეს და ჯერჯერობით მოგების გარეშე არიან – პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა (15:35), ერთი კვირის წინ კი პორტუგალიასთან ფრედ ითამაშა (18:18).
ქართველი მორაგბეების მესამე მეტოქე, ფიჯის ნაკრები მსოფლიო თასზე მეცხრედ თამაშობს. მან მხოლოდ ერთი, 1995 წლის ჩემპიონატი გამოტოვა, ორჯერ კი მეოთხედფინალში (1987 და 2007 წლებში) გავიდა და წელს ამ შედეგის გამეორების კარგი შანსი აქვს.
მას შემდეგ, რაც ფიჯის ფრენჩაიზი ზერაგბის დაემატა, კუნძულელები კიდევ უფრო უკეთ ათამაშდნენ. წელს მათ უპრობლემოდ მოიგეს ოკეანის თასი, რის შემდეგაც ორი გასახურებელი თამაში გამართეს ტიერ 1-ის გუნდებთან – 17:34 დამარცხდნენ საფრანგეთთან, ხოლო „თვიქენჰემზე“, ისტორიაში პირველად, ინგლისს 30:22 მოუგეს.
საფრანგეთში გამართულ პირველ მატჩში ფიჯის უელსის დამარცხებამდე სულ ცოტა დააკლდა (26:32), თუმცა შვიდი და ნაკლები ქულით წაგებისა და ოთხი ლელოს გატანისთვის ორი ბონუსქულა აიღო.
მეორე შეხვედრა ფიჯელებს ავსტრალიასთან ჰქონდათ და მეტოქე 22:15 დაამარცხეს. შედეგად, ფიჯის ორი თამაშის შემდეგ ექვსი ქულა აქვს, C ჯგუფში მეორე ადგილზეა და ორივე დარჩენილი შეხვედრის მოგების შემთხვევაში (საქართველოსა და პორტუგალიასთან) მეოთხედფინალში გავა.
საქართველოს ნაკრებს ფიჯისთან ექვსჯერ უთამაშია და მხლოდ ერთი მოგება აქვს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ოთხში კი გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ.
პირველად ფიჯის ნაკრებს საქართველო 2012 წელს, თბილისში, „მიხეილ მესხზე“ შეხვდა და სტუმრებმა, 24:19 მოიგეს. რევანში 2016 წელს სუვაში შედგა – საქართველომ 14:3 გაიმარჯვა. 2018-2021 წლებში „ბორჯღალოსნები“ ფიჯის ზედიზედ ოთხჯერ ეთამაშნენ – სუვაში 15:37, 2019 წლის მსოფლიო თასზე, ოსაკაში (იაპონია) 10:45, 2020 წელს ედინბურგში 24:38 და 2021 წელს არანხუესში (ესპანეთი) 15:15.
საქართველომ ფიჯის რვა ლელო გაუტანა და 97 ქულა დააგროვა, თავად კი 23 ლელო და 162 ქულა გაუშვა.
დღევანდელ შეხვედრას საქართველოს ნაკრები დანაკლისით ხვდება, ტრავმების გამო გუნდს ბექა გორგაძე, ლუკა ჯაფარიძე (ისინი მსოფლიო თასზე ვეღარ ითამაშებენ) და გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე დააკლდებიან. მის არყოფნაში ნაკრებს მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს.
შემადგენლობები
საქართველო
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე („შავი ლომი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), 12. გიორგი კვესელაძე („გლოსთერი“), 11. დავით ნინიაშვილი („ლიონი“), 10. ლუკა მატკავა („შავი ლომი“), 9. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“).
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი („შავი ლომი“, კაპ.), 2. თენგიზ ზამთარაძე („შავი ლომი“), 3. ბექა გიგაშვილი („ტულონი“), 4. ლაშა ჯაიანი („ნევერი“), 5. კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე („შავი ლომი“), 7. ბექა საღინაძე („ლიონი“), 8. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), 17. ნიკა აბულაძე („ექსეთერ ჩიფსი“), 18. ირაკლი აფციაური („გრენობლი“), 19. ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), 20. ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“); 21. გელა აფრასიძე („ბეიონი“), 22. თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), 23. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“).
ფიჯი
ხაზი: 15. ილაისა დროასესე, 14. სელესიტინო რავუტაუმადა, 13. ვაისეა ნაიაკალევუ, 12. იოსუა ტუისოვა, 11. სემი რადრადრა, 10. ტეტი ტელა, 9. სიმიონე კურუვოლი.
შერკინება: 1. ერონი მავი, 2. სამუელ მატავესი, 3. ლუკე ტაგი, 4. ისოა ნასილასილა, 5. ტე აჰივალუ ჩირიკიდავეტა, 6. ლეკიმა ტაგიტაგივალუ, 7. ლევანი ბოტია, 8. ვილიამე მატა.
მარქაფა: 16. ტევიტა იკანირავე, 17. რანი რავაი, 18. სამუ ტავაკე, 19. ტემო მაიანავანუა, 20. ალბერ ტუისუე, 21. ფრანკ ლომანი, 22. ვილიმონი ბოტიტუ, 23. ვინაია ჰაბოსი.
კომენტარები
ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი) – „საქართველოს ნაკრებში ყოველთვის საბრძოლო განწყობაა, ეს არასდროს, არცერთი თამაშის წინ არ გვაკლია. ფიჯისთან ვინც მოედანზე გავა, 100 პროცენტით მზადაა და ყველაფერს გაიღებს, რომ თავისი სახე აჩვენოს.
ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს და სასურველი შედეგის მისაღებად ყველგან ძლიერები უნდა ვიყოთ – დაცვაში, შეტევაში, შეჯგუფებაში, კონტრშეტევისას. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ თამაშის სტარტი იქნება მნიშვნელოვანი, 80 წუთი უნდა იყოს ბრძოლა, სულისკვეთება და თავგანწირვა, რის გარეშეც რაგბი არ არსებობს“.
საიმონ რაივალუი (ფიჯის ნაკრებისმთავარი მწვრთნელი) – „მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან მატჩს. ჩვენს გეგმებში არაფერი შეცვლილა, ვემზადებით უდიდესი პასუხისმგებლობით ქართველებთან სათამაშოდ. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მათთან რამდენიმე შეხვედრა გვაქვს ჩატარებული და მიმაჩნია, რომ განვითარების ერთ დონეზე ვართ. სასურველი შედეგისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.