რაგბის ლეგიონი | ნიორაძის და ლობჟანიძის ლელოები, აბჟანდაძის მორიგი ქულები [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მეშვიდე ტურის მატჩებში კვლავ გამოიჩინეს თავი ქართველმა მორაგბეებმა, თუმცა იმ გუნდებმა, სადაც ჩვენი თანამემამულეები თამაშობენ, მოგება ვერ მოახერხეს.
შედეგიანი მატჩი ჩაატარეს „ორიაკში“ მოთამაშე ლეგიონერებმა – სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ირაკლი მჭედლიძე, გიორგი ქართველიშვილი და თედო აბჟანდაძე, შეცვლაზე კი ლუკა ნიორაძე, ალექსანდრე ბურდული და მიხეილ ალანია შევიდნენ. ნიორაძემ შესვლიდან რამდენიმე წუთში ლელოც მიითვალა, ეს მისთვის მიმდინარე სეზონში მეორე ლელოა.
რაც შეხება თედო აბჟანდაძეს, მან მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. საქართველოს ნაკრები მგეზავმა გუნდს 8 ქულა მოუტანა – ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ ქართველების მიერ მოპოვებული ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა – „ორიაკი“ საკუთარ მოედანზე „ნიცასთან“ 16:25 დამარცხდა და 9 ქულით მე-15 ადგილზეა.
„ოიონა“ სტუმრად „დაქსს“ ეწვია და 15:28 წააგო. სტუმართა რიგებში ვასილ ლობჟანიძე თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო, 69-ე წუთზე კი ლელოც დადო. „ოიონა“ 13 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. ლობჟანიძისთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი ლელოა.