პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა „რაგბირამამ“ „აჟენის“ უკანახაზელ თამაზ მჭედლიძესთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა –
ღონიერმა ქართველმა უკანახაზელმა ხაზი გაჭრა და სალელოვე გადაცემა ახალგაზრდა თანაგუნდელ ბერდოს გაატანა. „აჟენმა“ „ბეზიე“ დიდი ანგარიშით – 31:12 დაამარცხა და ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი სწორედ „ბორჯღალოსნმა“ შეიტანა –
„პირველ ნახევარში ძალიან ცუდად ვითამაშე. ბურთი ორჯერ თუ სამჯერ დამივარდა და შემდეგ შემცვალეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც მწვრთნელებმა მიხმეს და უკან, მოედანზე დამაბრუნეს. შემდეგ ლელო დავდე და თამაშიც მოვიგეთ.“
მჭედლიძე ფრანგულად პრაქტიკულად იდეალურად საუბრობს, არადა მცირე ხნის წინ თავმდაბლურად მოგვიბოდიშა და გვითხრა, რომ ფრანგულად კარგად ვერ ლაპარაკობდა. ის საკუთარ თამაშს გულწრფელად აფასებს. მატჩის ბოლო 20 წუთში ფრთის პოზიციაზე დაბრუნების შემდეგ იგი მოედანზე მთავარი ფიგურა გახდა და მეტოქის დაცვის ხაზს უამრავი პრობლემა შეუქმნა.
ლელო მას შემდეგ დადო, რაც კუიდერის პასი ჩაჭრა, თუმცა საკუთარი კლასი სრულად რამდენიმე წუთის შემდეგ დაგვანახა. ბურთის მოპოვების შემდეგ ფეხით გადაიკიდა, თავადვე დაეუფლა და ძელებს შორის შეირბინა, თუმცა დუბლი არ გაიფორმა და სალელოვე გადაცემა ლეო ბერდოს მიაწოდა –
„მესმოდა როგორ მეძახდა – მომე, მომე. მეც ავდექი და ბურთი მივაწოდე, რადგან თამაშისას ჩემი მიზანი ლელოების დადება არაა. უმთავრესი კოლექტიური წარმატებაა. პირველი ლელო კი მარტივად დავდე – „ბეზიეს“ მარჯვენა ბურჯი პასის მიღებისას ძალიან დაღლილი იყო და უეჭველად გადაცემას გააკეთებდა. მეც გადავწყვიტე ბურთი ჩამეჭრა და ასეც მოვიქეცი.“
იგი ალტრუისტი და გუნდისთვის თავდადებულია. 25 წლის ცენტრი (1.95 სმ. და 110 კგ.) ნიჭით არის სავსე. ინდივიდუალიზმის ზედმეტმა გამოვლენამ პირველ ტაიმში მის თამაშს მცირედი დაღი დაასვა, მაგრამ ფრთაზე შემოსვლის შემდეგ შესანიშნავი წარმოდგენა შემოგვთავაზა –
„საკუთარი ქვეყნისთვის ფრთაზე ვთამაშობ, ასე რომ ამ პოზიციას კარგად ვიცნობ. რა თქმა უნდა, ცენტრში თამაში მირჩევნია, რადგან ბურთთან ურთიერთობა უფრო ხშირად მიწევს და ჩემი ფიზიკური მონაცემიდან გამომდინარე თამაშის მიმდინარეობაზეც მეტი გავლენის მოხდენა შემიძლია.“
მცირედი პაუზის შემდეგ მჭედლიძე ნაკრებს ივნისში დაუბრუნდა და წყნარი ოკეანის თასზე ითამაშა –
„საქართველოს ნაკრების რიგებში ზაფხულში ორი შეხვედრა ჩავატარე – ფრანგი ბარბაროსების და ფიჯის წინააღგმდეგ. შემდეც მცირედი ტრავმა მივიღე და აღარ მითამაშია. წყნარი ოკეანის თასზე თამაში ოდნავ გამიჭირდა, რადგან ფიჯიზე ძალიან ცხელოდა.“
თაზოსთან ურთიერთობა იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მან აღნიშნა, რომ ერთ კვირიანი დასვენება ძალიან სჭირდება –
„სახლში, ჩემს ოთხ შვილთან უნდა დავბრუნდე და შევეცდები, რომ კარგად გამოვიძინო, რათ მათ გამო არც ისე მარტივია (იღიმება). გუნდის პროგრესით კმაყოფილი ვარ, ჩვენ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში საკმაოდ დიდი წინსვლა გვაქვს. ტექნიკურ ასპექტებში შეცდომებს კვლავ ვუშვებთ, მაგრამ ეს გამოსწორებადია.“
„აჟენი“ 17 აგვისტოს ამხანაგურ შეხვედრაში „ლა როშელს“ დაუპირისპირდება –
„მინდა, რომ ეს შეხვედრაც მოვიგოთ და გუნდი უფრო შეიკრას. წელს ჩვენი უმთავრესი მიზანი „ტოპ 14“-ში ადგილის შენარჩუნებაა და ვთვლი, რომ ამის უნარი გვაქვს.“
მჭედლიძე აჟენში ოთხი წელია რაც თამაშობს (69 შეხვედრა, 16 ლელო) და ამბობს, რომ არ უნდა მისთვის მეხუთე სეზონი ამ კლუბში უკანასკნელი იყოს. „აჟენთან“ კონტრაქტი მას ივნისში უმთავრდება –
„წელს ჩემი მიზანია რაც შეიძლება ბევრ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა. შარშან საკმაოდ ხშირად მიწევდა ძირითად შემადგენლობაში ყოფნა და იმედი მაქვს ეს ამ სეზონშიც ასე იქნება. „აჯენში“ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მინდა ეს მოგზაურობა დიდხანს გაგრძელდეს.“