რაგბიპასი - „რუმინელები მსოფლიო თასს მიღმა რჩებიან, ხოლო სამოა სხვისი შეცდომების გამო ისჯება“
– რუმინეთი შესაძლოა მსოფლიო თასს მიღმა დარჩეს
– საკვალიფიკაციო მატჩების გადაწევა სამოას ხელს არ აძლევს
– რუმინელთა დასჯის შემთხვევაში, „რაგბი ევროპის“ 2017 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულები “ბორჯღალოსნები” გახდებიან
პოპულარული სარაგბო გამოცემა „რაგბიპასი“ (RugbyPass) ევროპულ სარაგბო სკანდალს ეხმაურება. საიტი წერს, რომ „რაგბი ევროპის“ შეცდომების გამო, სამოელებს შესაძლოა მსოფლიო თასამდე გასავლელი გზა გაურთულდეთ.
სამოელთა საკვალიფიკაციო მატჩი ესპანეთისა ან პორტუგალიის წინააღგმდეგ ივნისის სატესტო ფანჯრის დროს უნდა გამართულიყო, თუმცა თარიღი შეიცვალა და შეხვედრები ივლისსა და აგვისტოში ჩატარდება. ამ შემთხვევაში სამოელებს საუკეთესო ნაკრების შეკრება გაუჭირდებათ, რადგან კლუბებს მოთამაშეების სანაკრებოდ განთავისუფლების ვალდებულება აღარ ექნებათ.
მატჩების გადადებას მარტივი მიზეზი აქვს – „მსოფლიო რაგბი“ კვლავ იძიებს ფაქტებს, რომლის მიხედვითაც „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე” ბელგიელებმა და რუმინელებმა ის მორაგბეები ათამაშეს, რომლებსაც ამის უფლება არ ჰქონდათ. მსგავსი გამოძიება მიმდინარეობს ესპანეთის ნაკრების მიმართაც.
საგანგებო კომიტეტის გამოძიება ორ მორაგბეს – რუმინელთა ცენტრ სიონე ფაკა’ოსილეას და ბელგიელთა კვაჭ ვიქტორ პაქეს უკავშირდება. ფაკა’ოსილეამ 2013 წელს ტონგელთა შვიდკაცა ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა, ხოლო ვიქტორ პაქე კი ბელგიელებმა იმ მიზეზით ათამაშეს, რომ მისი ბებია ბელგიელია. „მსოფლიო რაგბის“ რეგულაციების მიხედვით მსგავსი რამ დაუშვებელია.
„ქრუსეიდერსის“ ყოფილი ცენტრი კირონ ფონოტია აღნიშნულ ფაქტს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა –
„არ მესმის რატომ ისჯება სამოა სხვების შეცდომების გამო. (ივლისსა და აგვისტოში) გაერთიანებულ სამეფოში და ევროპაში მოთამაშე მორაგბეები ნაკრებს ვერ დაეხმარებიან. თუკი ჩვენ მსოფლიო თასს მიღმა დავრჩებით ეს სასაცილოც კი არ იქნება.“
საგულისხმოა ისიც, რომ შეიცვალა „წყნარი ოკეანის თასის“ კალენდარიც, სადაც რუმინელთა ნაცვლად მონაწილეობას სამოა მიიღებს.
ქართველ რაგბის გულშემატკივარს კი გაახარებს ის ფაქტი, რომ თუკი რუმინელებმა ნაკრებში მართლაც რეგულაციების დარღვევით ათამაშეს ტონგელი მორაგბე, „რაგბი ევროპის“ 2017 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველო გახდება.
„მსოფლიო რაგბის“ ოფიციალური გადაწყვეტილება 10 ივნისს გახდება ცნობილი.