ქართულმა ფრანჩაიზმა „შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკული ტურნეს ბოლო მატჩი მონტევიდეოში „პენიაროლის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 31:35 დამარცხდა.
ანგარიში ქართველმა მორაგბეებმა გახსნეს, აუტიდან მოწოდებული ბურთი ნოდარ ჭეიშვილმა მოიგო, რის შემდეგაც პერანიძე-შარიქაძე-ტაბუცაძის კომბინაცია ამ უკანასკნელმა ლელოთი დაასრულა, ლუკა მატკავამ შედეგიანად გარდასახა და „შავი ლომი“ 7:0 დაწინაურდა. ცოტა ხანში მატკავამ ჯარიმაც გაიტანა და „შავი ლომის“ უპირატესობა კიდევ გაზარდა – 10:0.
ურუგვაელებმა ტემპს მოუმატეს, უფრო აქტიურად დაიწყეს თამაში და ტაიმის ბოლომდე ორი ლელო დადეს (მხოლოდ ერთი გარდასახეს), რასაც ერთი ჯარიმა მიუმატეს და საბოლოოდ ტაიმი 15:10 მოიგეს.
მეორე ტაიმი უფრო შედეგიანი გამოდგა. ლევან მაისაშვილმა ცვლილებები განახორციელა და ეს შედეგზეც აისახა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევრის სტარტზე პირველი ქულები ურუგვაელებმა ჯარიმით მოიპოვეს, „შავმა ლომმა“ სამი ლელო (მატკავა, აბდუშელიშვილი, ზამთარაძე) დადო, სამივე შედეგიანად გარდასახა და 62-ე წუთისთვის 31:21 დაწინაურდა.
73-ე წუთზე „შავი ლომი“ მოედანზე 13 მორაგბით დარჩა, ამას ისიც დაემატა, რომ არბიტრმა ქართველები საჯარიმო ლელოთი დასაჯა და ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა – 31:28.
შეხვედრის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე 13 მორაგბით დარჩენილი „შავ ლომი“ მეტოქის კონტრშეტევას ვერ გაუმკლავდა, ურუგვაელებმა კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოოდ 35:31 მოიგეს.
ამრიგად, დასრულდა „შავი ლომის“ სამხრეთამერიკული ტურნე, რომელიც თითქმის ერთ თვეს გაგრძელდა, ამ ხნის განმავლობაში ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 5 ტესტმატჩი ჩაატარა, ორი მოიგო („დოგოს XV“ 75:19, „სელკნამი“ 33:30) და სამი წააგო („პამპასი“ 21:24, „სუდამერიკანა XV“ 24:28, „პენიაროლი“ 31:35).