რაგბი | „შავი ლომი“ სუპერთასის ფინალისთვის „შევარდენის“ ბაზაზე ემზადება #1TVSPORT
რაგბი | „შავი ლომი“ სუპერთასის ფინალისთვის „შევარდენის“ ბაზაზე ემზადება #1TVSPORT

17 დეკემბერს, 16 საათზე „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში „თელავივ ჰითს“ თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე შეხვდება და ტიტულის დაცვას შეეცდება.

გუნდი „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და გადამწყვეტი მატჩისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

რაგბი ევროპის სუპერთასი მეორედ თამაშდება, თბილისი კი გადამწყვეტ შეხვედრას პირველად უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ პირველი გათამაშების ფინალში, ლისაბონში „შავმა ლომმა“ პორტუგალიური „ლუზიტანუში“ 17:14 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

„შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა მომავალი მატჩის მნიშვნელობასა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა:

„გარდა იმისა, რომ ფინალია, სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი თამაში გველის, რადგან ვხვდებით გუნდს, რომელთანაც წელს ერთი შეხვედრა წავაგეთ და ახლა რევანშის შესაძლებლობა გვექნება. „ჰითი“ პირველადაა ფინალში, თასის მოგების ასეთი შანსი არასდროს ჰქონია და დარწმუნებული ვარ, მაქსიმალური მონდომებით ითამაშებს.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა დავუპირისპიროთ მეტოქეს და ვეცდებით, ჩვენი ჩანაფიქრის რეალიზება მოედანზე მოვახერხოთ.

გასული კვირა, ძირითადად, აღდგენას დავუთმეთ, გვქონდა ვარჯიშებიც, ორშაბათიდან კი „შევარდენზე“ შევიკრიბეთ. რამდენიმე მორაგბეს ტრავმა აწუხებს, მათ მდგომარეობას კიდევ დავაკვირდებით  და ამ დღეებში გაირკვევა, ვინ შეძლებს თამაშს და ვის მოუწევს ფინალის გამოტოვება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფინალს საკუთარ მოედანზე ვატარებთ. ამით მგზავრობასთან დაკავშირებულ სირთულეებს ავირიდებთ. სამწუხაროდ, „იბერიანსთან“ ნახევარფინალურ შეხვედრას ბევრი მაყურებელი არ დაესწრო, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ფინალის სანახავად ბევრი ქომაგი მოვა. „შავი ლომის“ ბევრი მოთამაშე ეროვნული ნაკრების წევრია. ეს არის სანაკრებო ფრენჩაიზი, რომელიც მთელ ქვეყანას წარმოადგენს და მას მხადაჭერა ისევე სჭირდება, როგორც ეროვნულ ნაკრებს“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.