რაგბი | „შავი ლომი“ შოტლანდიაში ჩავიდა - რიჩარდ კოკერილმა გუნდში 31 მორაგბე გამოიძახა #1TVSPORT
პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ 18 აპრილს ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრა. გუნდი 31-კაციანი შემადგენლობით შოტლანდიაში, ედინბურგში ჩავიდა. ერთკვირიანი შეკრების გავლის შემდეგ გუნდი ინგლისში, ისტ მიდლენდში გადაინაცვლებს და ინგლისურ გრანდთან, „ლესტერ ტაიგერსთან“ ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება. შეხვედრა 3 მაისს, „უელფორდ როუდზე“ საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება.
31-კაციან შემადგენლობაში 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. მათგან ერთი დებიუტანტია – ბურჯი ვახტანგ ქვათაძე.
„შავი ლომის“ შემადგენლობა ბრიტანულ ტურნეზე:
შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, თენგიზ ზამთარაძე, ბექა მამრიკიშვილი, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ვახტანგ ქვათაძე, ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, გიორგი კერვალიშვილი, დემურ ეფრემიძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ივანიშვილი, ილია სპანდერაშვილი;
ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე, ლუკა მატკავა, მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, გიორგი კვესელაძე, აკაკი ტაბუცაძე, სანდრო თოდუა, ლუკა ცირეკიძე, ოთარ ლაშხი, შალვა აფციაური, მირიან მოდებაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი ჯობავა.
„„ლესტერი“ დიდი ისტორიის მქონე, ძალიან მაგარი გუნდია, რომელიც დაკომპლექტებულია ინგლისის ნაკრების მოთამაშეებით. მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ვფიქრობ, ჩვენთან თამაშზეც ტრიბუნები სავსე იქნება, მით უმეტეს, როგორც ვიცით, მატჩზე დასწრება თავისუფალია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამხანაგურია, რაგბი ბრძოლის გარეშე არ არსებობს და კარგი თამაშის მოლოდინი მაქვს“, – განაცხადა „შავი ლომის“ კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ.