რაგბი | „შავი ლომი“ მზადებას იწყებს - 3 მაისს გუნდი „ლესტერ ტაიგერსთან“ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს #1TVSPORT
პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ მზადებას იწყებს და 18 აპრილს ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრება. გუნდი შოტლანდიაში, ედინბურგში ჩავა და ერთკვირიან შეკრებას გაივლის, შემდეგ ისტ-მიდლენდში გადაინაცვლებს და 3 მაისს „ლესტერ ტაიგერსთან“ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. შეხვედრა „უელფორდ როუდზე“ თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
ამ მატჩში „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება რიჩარდ კოკერილს, რომელსაც კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ „ლესტერ ტაიგერსში“ აქვს გატარებული – ინგლისელი სპეციალისტი ამ კლუბში 1992-2002 წლებში თამაშობდა, შემდეგ ორი სეზონი „მონპელიეში“ გაატარა და 2004-2005 წლებში კვლავ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.
„ლესტერ ტაიგერსში“ დაიწყო 53 წლის კოკერილის სამწვრთნელო კარიერაც. 2005-2009 წლებში ის გუნდის შერკინების მწვრთნელი იყო, 2009-2017 წლებში კი მთავარი მწვრთნელად დაინიშნა და გუნდს არაერთი ისტორიული გამარჯვება მოუპოვა.
„ლესტერ ტაიგერსი“ 1880 წელს დაარსდა. გუნდი 11-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (1988, 1995, 1999, 2000, 2001, 2002, 2007, 2009, 2010, 2013, 2022 წლებში), შვიდჯერ კი მეორე ადგილი დაიკავა. 2001 და 2002 წლებში ფლობდა ჩემპიონთა (1997, 2007 და 2009 წლებში ფინალში დამარცხდა), ხოლო 2007, 2012 და 2017 წლებში ანგლო-უელსის თასებს.
პრემიერშიფის გასული სეზონი „ლესტერმა“ მე-3 ადგილზე დაასრულა. მიმდინარე გათამაშებაში ის 14 თამაშიდან 39 ქულით (8 მოგება, 6 წაგება), ჯერჯერობით, მე-7 ადგილზეა. ამ სეზონში „ვეფხვები“ პრემიერშიფის თასის ფინალში „გლოსტერთან“ 13:23 დამარცხდნენ.
მომავალ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი რიჩარდ კოკერილმა გააკეთაა:
„მოუთმენლად ველი „შავ ლომთან“ ერთად ჩემთვის მშობლიურ მხარეში დაბრუნებას. „ლესტერს“ ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია, მოთამაშისა თუ მწვრთნელის რანგში.
ეს თამაში შესანიშნავი შესაძლებლობაა „შავი ლომისთვის“ ჩელენჯ თასის წარმატებული სადებიუტო სეზონის შემდეგ კიდევ ერთხელ ითამაშოს ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის წინააღმდეგ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრებისა და „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა.