რაგბი | „შავი ლომი“ „ჩელენჯ თასამდე“ რაგბი ევროპის სუპერთასზე ითამაშებს #1TVSPORT
რაგბი ევროპის სუპერთასის ორგზის გამარჯვებული „შავი ლომი“ EPCR-ის „ჩელენჯ თასზე“ ჩართვამდე ზედიზედ მესამედ შეეცდება ტიტულის მოპოვებას.
სუპერთასზე წელსაც რვა გუნდი ითამაშებს, ტურნირი განახლებული ფორმატით ჩატარდება. შარშანდელისგან განსხვავებით, „დიდი 10“-ის ჩემპიონის ნაცვლად, მასში ჩეხეთის ფრენჩაიზი „ბოჰემია უორიორზი“ მიიღებს მონაწილეობას.
რეგიონული პრინციპის ნაცვლად, ჯგუფებში გუნდები ამჯერად ძალთა თანაფარდობის მიხედვით გადანაწილდებიან. A ჯგუფში „შავ ლომთან“ ერთად ისრაელის „თელ ავივ ჰითი“, პორტუგალიური „ლუზიტანუში“ და ესპანური „იბერიანსი“ ითამაშებენ, B ჯგუფში კი რუმინული „ვულვზი“, ბელგიური „დევილსი“, ნიდერლანდური „დელტა“ და ჩეხური „ბოჰემია“ მოხვდნენ.
ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც A ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი და B ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავლენ, A ჯგუფის მეოთხეადგილოსანი და B ჯგუფის სამი გუნდი კი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ითამაშებენ.
„შავი ლომი“ ჯგუფურ ეტაპზე „იბერიანსს“ მასპინძლობს (4-5 ნოემბერი), „ლუზიტანუშსა“ (11-12 ნოემბერს) და „თელ ავივ ჰითს“ (18-19 ნოემბერს) კი სტუმრად ეთამაშება.
ნახევარფინალები და ფინალები, შესაბამისად, 2-3 და 16-17 დეკემბერსაა ჩანიშნული, მაგრამ იმის გამო, რომ 15-17 დეკემბერს „შავ ლომს“ „ჩელენჯ თასის“ მეორე ტურის შეხვედრა ელის, სუპერთასზე მისი დასკვნითი მატჩის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.