ახალი სეზონის დაწყების წინ პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის, „შავი ლომის“ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდა. გუნდი დატოვეს ნიკა პატარაიამ, ილია სპანდერაშვილმა, გიორგი მარგალიტაძემ, ოთარ ლაშხმა, გიორგი ჯობავამ და ბექა მამრიკიშვილმა.
მათ ნაცვლად ახალ სეზონში გუნდის ღირსებას დაიცავენ ბურჯი კახაბერ დარბაიძე, მეორეხაზელები ვლადიმერ ჩაჩანიძე, გუგა ღანიაშვილი და გიორგი ნიკოლაძე, მესამეხაზელები გიორგი სინაურიძე და გიორგი ცუცქირიძე და ცხრა ნომრები – ნოდარ დოლიძე და დავით ხუროშვილი.
„შავი ლომის“ ახალწვეულებიდან გიორგი ნიკოლაძე, გიორგი სინაურიძე და ნოდარ დოლიძე გასულ სეზონში დიდი 10-ის ჩემპიონის, ქუთაისის „აიას“ შემადგენლობაში თამაშობდნენ, კახაბერ დარბაიძე ოზურგეთის „არწივების“ ღირსებას იცავდა, ოთხი კი საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერი იყო – ვლადიმერ ჩაჩანიძე („ნევერი“), გუგა ღანიაშვილი („გრენობლი“), გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“) და დავით ხუროშვილი („კლერმონი“).
2024/2025 წლების სეზონში „შავი ლომი“ ორ ტურნირზე ითამაშებს – ზედიზედ მეოთხედ ეცდება რაგბი ევროპის სუპერთასის მოგებას და მეორედ ითამაშებს EPCR-ის ჩელენჯ თასზე.