რაგბი | შალვა მამუკაშვილი - სამხრეთ ამერიკაში მაღალი დონის თამაშებს ჩავატარებთ #1TVSPORT
პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“, რომლის ძირითად ბირთვს საქართველოს ნაკრების მორაგბეები წარმოადგენენ, სამხრეთამერიკულ ტურნეში მიემგზავრება, სადაც სუპერლიგის გუნდებთან ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. ეს ტურნე მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპად განიხილება.
„შავი ლომის“ კვაჭი შალვა მამუკაშვილი დარწმუნებულია, რომ ტურნეს ფარგლებში გუნდს მაღალი დონის თამაშები ელის, რაც მსოფლიო თასისთვის მზადების მნიშვნელოვანი მონაკვეთი იქნება.
„ამ ტურნეს მიზანია, გუნდი და მისი თითოეული წევრი საუკეთესო ფორმაში იყოს. ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს მაღალ დონეზე თამაშის დრო დაუგროვდებათ, დანარჩენებს კი შანსი აქვთ, ტესტ-მატჩებთან მიახლოებული რაგბი ითამაშონ, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ვეთამაშებით სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ფრენჩაიზებს, სადაც ამ ქვეყნების ეროვნული ნაკრებების მოთამაშეთა ძირითადი ბირთვია თავმოყრილი. ვეცდებით, მაღალი დონის თამაშები ვაჩვენოთ და ყველა მატჩში გავიმარჯვოთ“, – ამბობს მამუკაშვილი, რომლის ანგარიშზე 97 სანაკრებო კეპი და 12 ლელოა.
„შავი ლომი“ ურუგვაიში შაბათს, გამთენიისას მიემგზავრება. გუნდი სამხრეთ ამერიკაში თვეზე ოდნავ მეტხანს დარჩება და ამერიკის სუპერლიგის გუნდებთან ხუთ თამაშს გამართავს.
„შავი ლომის“ განრიგი სამხრეთამერიკულ ტურნეში:
9 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“
„შავი ლომი“ (საქართველო) – „დოგოს XV“ (არგენტინა)
14 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“
„შავი ლომი“ (საქართველო) – „სელკნემი“ (ჩილე)
21 აპრილი | ბუენოს აირესი. „კასა პუმასი“
„შავი ლომი“ (საქართველო) – „პამპასი“ (არგენტინა)
28 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“
„შავი ლომი“ (საქართველო) – „სუდამერიკა რაგბი XV“
6 მაისი | მონტევიდეო. „შარუა“
„შავი ლომი“ (საქართველო) – „პენაროლი“ (ურუგვაი)