რაგბი | საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ორი ახალი წევრი შეემატა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ორი ახალი წევრი ჰყავს – ავსტრალიელმა ჯულიან სალვიმ და კანადელმა დენ ბომ ზაფხულის ტესტმატჩების დროს „ბორჯღალოსნებთან“ უკვე იმუშავეს.
ჯულიან სალვი
38 წლის ჯულიან სალვი დაცვის მწვრთნელია. ის ავსტრალიაში დაიბადა და სკოლებისა და 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო, ავსტრალიის A ნაკრებში კი რვა თამაში ჩაატარა.
სალვიმ საკლუბო კარიერა „ბრამბისში“ დაიწყო, სადაც 2003-2011 წლებში ორ ეტაპად 63 თამაში ჩაატარა. 2009-2010 წლებში ინგლისის პრემიერშიფის „ბათში“ თამაშობდა, სამშობლოში ხანმოკლე დაბრუნების შემდეგ კი კვლავ ინგლისს მიაშურა და „ლესთერ თაიგერსთან“ ერთად პრემიერშიფის ჩემპიონი გახდა. სულ ამ გუნდის შემადგენლობაში 2011-2015 წლებში 113 თამაში ჩაატარა და 11 ლელო დადო.
2015-2018 წლებში ჯულიანი „ექსეთერ ჩიფსში“ თამაშობდა, სადაც 2017 წელს პრემიერშიფის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.
2018 წლის ზაფხულიდან სამწვთნელო საქმიანობა დაიწყო და „ექსეთერ ჩიფსის“ დაცვის მწვრთნელი გახდა – 2020 წელს ჩემპიონის ტიტული უკვე მწვრთნელის რანგშიც მოიპოვა. იმავე წელს „ჩიფსმა“ ჩემპიონთა თასის მოგებაც შეძლო.
დენ ბო
49 წლის დენ ბო კანადაში დაიბადა. 1998-2002 წლები ქვეყნის უპირველეს გუნდში 27 მატჩი ჩაატარა და ხუთი ლელო დადო. 1998 წელს უელსში, „კარდიფ ბლუში“ გადავიდა, მაგრამ ხშირი ტრავმიანობის გამო (ბოლოს მან ფეხი მოიტეხა) 2005 წელს მოთამაშის კარიერა ნაადრევად დაასრულა.
შემდეგ ძალები სამწვრთნელო საქმიანობაში მოსინჯა. „კარდიფში“ დარჩა და ჯერ ფიზმომზადების მწვრთნელი იყო, მერე კი ფორვარდებს ავარჯიშებდა.
კანადელი სპეციალისტი გარკვეული პერიოდი ინგლისში „უესპსის“ ფიზმომზადების მწვრთნელად მუშაობდა, თუმცა მალევე უელსში დაბრუნდა და „დრაგონსს“ ავარჯიშებდა. ახლა კი ის „ბორჯღალოსნების“ ფიზმომზადების მთავარ მწვრთნელად იმუშვებს.