5 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტმატჩების სერიის პირველ შეხვედრას ბათუმში, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
თამაშის წინ, 18:00 საათზე ბათუმის იუსტიციის სახლიდან გაიმართება გულშემატკივართა მსვლელობა სტადიონისკენ.
ფაქტები
- ფიჯისთან მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბექა გორგაძე იქნება. ეს მისთვის „ბორჯღალოსნების“ კაპიტნის სამკლავურით მესამე შეხვედრაა.
- საქართველოს ნაკრები ბათუმში ისტორიაში მეორედ ითამაშებს. პირველად ამ სტადიონზე ქართველი მორაგბეები 2022 წლის ზაფხულში იტალიას დაუპირისპირდნენ და ტიერ 1-ის გუნდთან პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს – 28:19.
- ფიჯისთნ სასტრატო შემადგენლობაში ბრუნდება მგეზავი თედო აბჟანდაძე. ბოლოს მან „ბორჯღალოსნების“ სასტარტო შემადგენლობაში 2023 წლის 23 სექტემბერს ითამაშა.
- ფიჯი მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზეა (76.38), საქართველო კი მე-13 ადგილს (74.02) იკავებს და გამარჯვების შემთხვევაში იაპონიას (მე-12 ადგილი – 74.04) გადაასწრებს, რომელსაც სენდეიში 13 ივლისს, საქართველოს დროით 14:00 საათზე ეთამაშება.
ურთიერთშეხვედრები
ურთიერთშეხვედრებში კუნძულელებს დადებითი ბალანსი აქვთ. აქამდე საქართველოს ნაკრებმა ფიჯისთან შვიდჯერ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ დაამარცხა, ერთი თამაში ფრედ დასრულდა, ხუთჯერ კი ფიჯიმ მოიგო. ამ შეხვედრებში ფიჯელებს 8 ლელო გავუტანეთ და 109 ქულა მოვიპოვეთ, თავად კი 25 ლელო და 179 ქულა მივიღეთ.
აღსანიშნავია, რომ ამ შვიდი მატჩიდან ოთხი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა, ორი ფიჯიზე, ერთი კი საქართველოში – თბილისში ფიჯელებს 2012 წელს შევხვდით. ეს ფიჯისთან ისტორიაში პირველი თამაში იყო და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაძაბულ ბრძოლაში მეტოქემ 24:19 მოიგო.
კუნძულზე ჩატარებული ორი მატჩიდან 2016 წელს საქართველოს ნაკრებმა ფიჯი 14:3 ისე დაამარცხა, რომ მეტოქეს ლელო არ დაადებინა. 2018 წელს კუნძულელებმა სუვაში გვიმასპინძლეს და 37:15 გაიმარჯვეს.
რაც შეეხება ნეიტრალურ მოედანზე ჩატარებიულ მატჩებს. 2019 წელს იაპონიაში, მსოფლიო თასზე კუნძულელებმა ურთიერთშეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვეს – 45:10. 2020 წელს, კოვიდპანდემიის პერიოდში, ფიჯის შემოდგომის ერთა თასზე ედინბურგში (შოტლანდია) ვეთამაშეთ და უპირატესობა კვლავ მეტოქის მხარეს იყო – 38:24.
ერთი წლის თავზე ფიჯისთან ტესტმატჩი ესპანეთის ქალაქ არანხუესში გაიმართა. გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს – შეხვედრა ფრედ, 15:15 დასრულდა.
ფიჯის ნაკრებთან ბოლო შეხვედრა 2023 წლის მსოფლიო თასზე საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გაიმართა. „ბორჯღალოსნებმა“ კუნძულელებს პირველი ტაიმი მოუგეს და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ 12:17 დამარცხდნენ და მხოლოდ „ნუგეშის ქულა“ მოიპოვეს.
მწვრთნელების კომენტარი
რიჩარდ კოკერილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი – „ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. რამდენიმე მორაგბე ტრავმირებულია, რამდენიმე სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ არის ჩვენთან. დღესდღეობით შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე ოპტიმალურ ფორმაშია და მზადაა თამაშისთვის. ზაფხულის ტესტმატჩებს მომავალი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ და მინდა, საქმეში რაც შეიძლება მეტი მოთამაშე ვნახო.
საკმაოდ ძლიერ გუნდს ვხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, მიმაჩნია, რომ მზად ვართ და შეგვიძლია, ფიჯის ნაკრები დავამარცხოთ“.
მიკ ბერნი, ფიჯის ნაკრების მწვრთნელი – „პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ქართულ მხარეს კარგი მასპინძლობისთვის. საქართველოსთან მძიმე მატჩს ველით, განსაკუთრებით მათ ფორვარდებს უნდა ვუფრთხილდეთ. ქართველები შერკინებაში ყოველთვის ძლიერები იყვნენ და ამ კომპონენტში უპირატესობის მოპოვებაც ახლაც ეცდებიან.
გუნდში რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც მსოფლიო თასზე ასპარეზობის გამოცდილება აქვთ – ასეთი დონის ტესტმატჩებისას ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“.
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 19 კეპი, 114 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 40 კეპი, 185 ქულა), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 36 კეპი, 20 ქულა), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 57 კეპი, 40 ქულა), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 29 კეპი, 63 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 52 კეპი, 351 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 84 კეპი, 78 ქულა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 5 კეპი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 12 კეპი, 15 ქულა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 7 კეპი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 7 კეპი, 10 ქულა), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 12 კეპი, 5 ქულა), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 7 კეპი, 10 ქულა), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 12 კეპი, 10 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 45 კეპი, 60 ქულა, კაპ.);
მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 4 კეპი), 18. სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 4 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 16 კეპი, 5 ქულა), 20. ბექა საღინაძე (ლიონი, 39 კეპი, 15 ქულა), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 32 კეპი, 25 ქულა); 22. გელა აფრასიძე (ბაიონე, 52 კეპი, 35 ქულა), 23. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 112 კეპი, 90 ქულა).
ფიჯის ნაკრები:
ხაზი: 15. ილაისა დროასესე, 14. იუტა ვაინოქოლო, 13. ვაისეა ვაიაკალევუ (კაპ.), 12. ინია ტაბუავუ, 11. პენიასი დაკუვაქა, 10. ვილიმონი ბოტიტუ, 9. ფრანკ ლომანი;
შერკინება: 1. ერონი მავი, 2. ტევიტა იკანივერე, 3. მესაკე დოგე, 4. ისოა ნასილასილა, 5. ტემო მაიანავანუა, 6. ლეკიმა ტაგიტაგივალუ, 7. კიტიონე სალავა, 8. ვილიამე მატა.
მარქაფა: 16. ზურიელ ტოგიატამა, 17. ჰაერეიტი ჰეტეტი, 18. პენი რავაი, 19. ალბერტ ტუისუე, 20. რატუ მელი დერენალაგი, 21. ელია სანაკაივატა, 22. სიმიონე კურუვოლი, 23. ისაია არსმტრონგ-რავულა.