საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის ტესტმატჩების სერიის მესამე შეხვედრა სიდნეიში ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა და 29:40 დამარცხდა.
ეს საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მესამე შეხვედრა იყო, წინა ორ შემთხვევაში გამარჯვება „ვოლაბებს“ დარჩათ – 2019 წლის მსოფლიო თასზე 27:8, 2023 წელს კი, ასევე მსოფლიო თასზე – 35:15.
საქართველოს ნაკრებმა ნავსის გატეხვა ვერც ამჯერად მოახერხა. მატჩის დაწყებამდე ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბს შემადგენლობაში იძულებითი ცვლილების გაკეთებამ მოუწია – მატჩისწინა ვარჯიშზე გუნდის კაპიტანმა, ბექა გორგაძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაში გიორგი ცუცქირიძემ დაიწყო, კაპიტანი კი ბექა საღინაძე გახდა.
ანგარიში „ბორჯღალოსნებმა“ გახსნეს – მე-3 წუთზე ლუკა მატკავამ ჯარიმა ზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ ავსტრალიელები გააქტიურდნენ და დიდი ძალებით წავიდნენ შეტევაში, შედეგად პირველი ტაიმის ბოლომდე ოთხი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც „ბორჯღალოსნებმა“ მხოლოდ ერთით უპასუხეს და პირველი ნახევარი ავსტრალიამ 26:10 მოიგო.
პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ და მეორე ტაიმი 14 მოთამაშით დაიწყეს, რითიც საქართველოს ნაკრებმა კარგად ისარგებლა და დასაწყისშივე მოახერხა ორი ლელოს დადება – სწრაფი შეტევა ჯერ დავით ნინიაშვილმა დააგვირგვინა ძელებს შორის დადებული ლელოთი, შემდეგ კი თავი ტაბუცაძემ გამოიჩინა, ორივე ლელო მატკავამ გარდასახა და „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიშის სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს – 26:24.
მაგრამ ამის შემდეგ კაცნაკლული უკვე საქართველოს ნაკრები დარჩა და ამით მასპინძლებმა ისარგებლეს კარგად, ორი გარდასახული ლელოს დადება მოახერხეს და 40:24 დაწინაურდნენ.
შეხვედრის დასრულებამდე ტაბუცაძემ კიდევ ერთი ლელო დადო და დუბლი შეასრულა, თუმცა, საბოლოოდ მასპინძლებმა თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახრხეს და მესამე ცდაზეც შეძლეს საქართველოს ნაკრების დაამრცხება 40:29.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ტესტებზე „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ორი მატჩი გამართეს – 5 ივლსს ბათუმში ფიჯის ნაკრებთან 12:21 დამარცხდნენ, 13 ივლისს კი სენდაიში ტიერ 1-ის წარმომადგენელი იაპონია 25:23 დაამარცხეს.