რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საერთაშორისო სერიის მეორე მატჩს ინგლისთან ჩაატარებს - შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საერთაშორისო სერიის მეორე მატჩს ინგლისთან ჩაატარებს - შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სერიის მატჩებს მართავს. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ პირველი შეხვედრა სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან 3:20 წააგეს, სერიის მეორე შევხედრას კი 16 აგვისტოს ინგლისელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარებენ. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

ამ თამაშისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა.

მასპინძლებთან მატჩის შემდეგ გუნდში იძულებითი ცვლილებები მოხდა. ტრავმების გამო გიორგი ტურაშვილი და ნიკოლოზ კუმარიტოვი სამშობლოში დაბრუნდნენ, ნაკრებს კი „ყოჩების“ მოთამაშე, არჩილ ნოზაძე დაემატა, რომელიც ინგლისელებთან სათადარიგოთა შორის იქნება.

პირველი თამაშის შემდეგ სასტარტო 15-ში რვა მოთამაშე შეიცვალა. ცენტრში თამაშს იწყებს დავით ბარბაქაძე, ფრთაზე გივი სოსელია დადგება, 9 ნომერი კი დავით წიკლაური იქნება. შეიცვალა ორივე ბურჯი და ძირითადში ნიკოლოზ ოლქიშვილს და ლევან ეზიეშვილს ვიხილავთ;  მეორე ხაზში ნიკოლოზ ჩხორთოლია დაწინაურდა, ხოლო მესამე ხაზში – ლუკა საღინაძე და მიხეილ შიოშვილი.

აღსანიშნავია, რომ წელს იტალიაში ჩატარებულ ექვსი ერის ფესტივალზე ჩვენი 18-წლამდელები ინგლისს ერთხელ უკვე ეთამაშნენ. ე.წ. „გაწითლებულ“ დროში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ კონტრშეტევის შედეგად გარდასახული ლელო მიიღეს და 19:26 დამარცხდნენ. იმ მატჩის სასტარტო შემადგენლობაში რვა ისეთი მოთამაშე იყო, რომელიც ახლაც მოედანზე იქნება: ნიკოლოზ ხალვაში, ლეონიდე სალდაძე, დავით ბარბაქაძე, გიგი სირბილაძე, დავით წიკლაური, ნიკოლოზ ჩხორთოლია, ლუკა გაბუნია და ლუკა საღინაძე.

რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს, სამხრთ აფრიკაში გამართულ პირველ მატჩში ირლანდიამ 42:28 დაამარცხა.

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში („ლელო“), 14. საბა შარვაშიძე („აია“), 13. ლეონიდე სალდაძე („ლოკომოტივი“), 12. დავით ბარბაქაძე („არმია“), 11. გივი სოსელია („კოლხი რაინდები“), 10. გიგი სირბილაძე („ლელო“, კაპ.), 9. დავით წიკლაური („ხვამლი“);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ოლქიშვილი („ლელო“), 2. დავით არჩვაძე („ლელო“), 3. ლევან ეზიეშვილი („კლერმონი“, საფრანგეთი), 4. დავით ბარამია („ლელო“), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია („კლერმონი“, საფრანგეთი), 6. ლუკა გაბუნია („აია“), 7. ლუკა საღინაძე („ლიონი“, საფრანგეთი), 8. მიხეილ შიოშვილი („ლელო“);

მარქაფა: 16. ანრი შველიძე („ბრივი“, საფრანგეთი), 17. დაჩი ჭელიძე („ლელო“), 18. არჩილ ნოზაძე („ყოჩები“), 19. გიორგი მეფარიშვილი („აია“), 20. გიორგი ზაზაძე („ხარები“); 21. გოგა უშვერიძე („აია“), 22. თემურ ძოძუაშვილი („აია“), 23. იოანე ბასილაია („ლელო“), 24. დავით არავიაშვილი („არმაზი“), 25. გიგა ყიფშიძე („ხვამლი“), 26. გიორგი არძენაძე („ჩაქვი“), 27. ლუკა თვაური („ხვამლი“).