რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის A ნაკრებს ეთამაშება - სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის A ნაკრებს ეთამაშება - სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები საერთაშორისო სერიის მატჩების გასამართად სამხრეთ აფრიკაში იმყოფება. სერიის ფარგლებში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ პირველ ტესტმატჩს სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან 12 აგვისტოს ჩაატარებენ, შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს. განაცხადში 28-ვე მოთამაშეა, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობას 26 მიიღებს. სასტარტო 15-ში ოთხიდან მხოლოდ ერთი ლეგიონერია – ინგლისის „იფსვიჩში“ მოთამაშე ბურჯი გიორგი ტურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ნაკრებმა გაზაფხულზე იტალიაში, ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან, საფრანგეთსა და ინგლისთან ითამაშა. წელს ზურა ამონაშვილის შეგირდები ტიერ 1-ის გუნდებთან კიდევ სამ თამაშს გამართავენ. სამხრეთ აფრიკის შემდეგ ისინი 16 აგვისტოს – ინგლისს, ხოლო 20 აგვისტოს ირლანდიას დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ სერიის განრიგში ცვლილებები მოხდა, რისი მიზეზიც სამწუხარო შემთხვევა გახდა. ერთ-ერთი ფრანგი მორაგბე რამდენიმე დღის წინ ტალღამ გაიტაცა და ის ჯერაც ვერ იპოვეს. ასეთი ამბის ფონზე საფრანგეთი სამხრეთ აფრიკაში ვეღარ დარჩა და შინ დაბრუნდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების მეტოქეც შეიცვალა.

ახალი განრიგის თანახმად, 12 აგვისტოს საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკის A ნაკრებს შეხვდება, 16 აგვისტოს – ინგლისს, 20-ში კი ირლანდიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან:

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში („ლელო“), 14. საბა შარვაშიძე („აია“), 13. ლეონიდე სალდაძე („ლოკომოტივი“), 12. დავით არავიაშვილი („არმაზი“), 11. გიგა ყიფშიძე („ხვამლი“), 10. გიგი სირბილაძე („ლელო“, კაპ.), 9. თემურ ძოძუაშვილი („აია“);

შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე („ლელო“), 2. დავით არჩვაძე („ლელო“), 3. გიორგი ტურაშვილი („იფსვიჩი“, ინგლისი), 4. დავით ბარამია („ლელო“), 5. გიორგი მეფარიშვილი („აია“), 6. ლუკა გაბუნია („აია“), 7. გიორგი ზაზაძე („ხარები“), 8. გიორგი არძენაძე („ჩაქვი“);

სათადარიგოები: 16. ანრი შველიძე („ბრივი“, საფრანგეთი), 17. ნიკოლოზ ოლქიშვილი („ლელო“), 18. ნიკოლოზ კუმარიტოვი („ლოკომოტივი“), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია („კლერმონი“, საფრანგეთი), 20. ლუკა საღინაძე („ლიონი“, საფრანგეთი); 21. გოგა უშვერიძე („აია“), 22. ლუკა თვაური („ხვამლი“), 23. გივი სოსელია („კოლხი რაინდები“), 24. დავით ბარბაქაძე („არმია“), 25. იოანე ბასილაია („ლელო“), 26. მიხეილ შიოშვილი („ლელო“), 27. ლევან ეზიეშვილი („კლერმონი“, საფრანგეთი), 28. დავით წიკლაური („ხვამლი“).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი