7 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს უმასპინძლებს. ეს ამ გუნდების 24-ე დაპირისპირება იქნება, საიდანაც „ბორჯღალოსნებმა“ 21-ჯერ მოიგეს, მხოლოდ პირველი მატჩი დათმეს და ერთხელაც ფრედ ითამაშეს.
გუნდები „ერთა თასის“ და შემდგომში „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ფარგლებში რეგულარულად თამაშობენ და 1993 წლის 25 მაისს, პოლონეთის ქალაქ სოპოტში გამართული მატჩის შემდეგ ტრადიციულ მეტოქეებად ჩამოყალიბდნენ, მითუმეტეს, რომ თამაშს ქართველი გულშემატკივრების დიდი ნაწილისთვის სპორტულის მიღმა სხვა დატვირთვაც აქვს.
რაგბის გამოცდილ მოყვარულებს კარგად ემახსოვრებათ, რომ 2009-2010 წლებში ნაკრებებმა ნეიტრალურ სტადიონზე ითამაშეს და „ბორჯღალოსნებმა“ ამ მატჩებიდან დასამახსოვრებელი ეპიზოდები შემოგვთავაზეს.
გავიხსენოთ პირველი მოგებული თამაში – 1996 წლის 20 ოქტომბერი, „დინამო არენა“ და ქავთარაშვილის ლელო. ამ მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ დათვებს პირველად, ანგარიშით 29:20 სძლიეს. შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა. ეს ლელოც, რომელიც ყველაზე სანახაობრივი იყო – ბესელიას საუცხოო გარღვევას და მისივე გრძელ გადაცემას მოჰყვა, რომელიც აჩიკო ქავთარაშვილმა მიიღო, მაღალი სისწრაფე განავითარა და ბურთი დაამიწა. „ბორჯღალოსნებმა“ ამ მოგებით დაუმარცხებელი სვლის პირველი ნაბიჯი გადადგეს.
2002 წლის 13 ოქტომბერს შედგა მატჩი, რომლის მოგებითაც საქართველო პირველად გავიდა სარაგბო მსოფლიო თასზე. „ბორჯღალოსნების“ და „დათვების“ დაპირისპირება ამჯერადაც დაძაბული გამოვიდა და ქართველებმა მხოლოდ 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 17:13 მოიგეს. იმ დროს, მსოფლიო თასზე თამაში „ბორჯღალოსნებისთვის“ ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნება იყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გამარჯვებამ ქართული რაგბის განვითარებაში პოპულარიზაციასა და განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
გვერდს არ ავუვლით 2010 წლის დაპირისპირებას. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს გუნდებს შორის მეორე მატჩი იყო და ის ნეიტრალურ მოედანზე, ტრაბზონში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ „ბორჯღალოსნები“ შინ არ თამაშობდნენ, მათ სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ეს საერთოდ არ აგრძნობინეს.
დაპირისპირების პირველი ლელო რუსეთმა დადო და თითქოს მეტოქეზე უკეთაც გამოიყურებოდა, მაგრამ შემდეგ, მატჩის მე-20 წუთზე, ბურთი საკუთარ ნახევარზე ბურჯმა – დავით ზირაქაშვილმა მიიღო, გრესევს ამ პოზიციის მორაგბისთვის უჩვეულო ცრუმოძრაობებით და სისწრაფით აუარა გვერდი და უმნიშვნელოვანესი ლელო დადო, რომელმაც თამაშის მიმდინარეობა სრულად შეცვალა.
საბოლოოდ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 36:8 დაამარცხა. ტრაბზონში გამართულ მატჩში საქართველომ რუსეთს იმ დროისთვის რეკორდული სხვაობით, 28 ქულით მოუგო, თუმცა ყველაზე ეფექტური რეკორდი წინ იყო.
2012 წლის 17 მარტს „ბორჯღალოსნებმა“ რუსეთის მორაგბეთა ნაკრები რეკორდული, 46-ქულიანი უპირატესობით დაამარცხეს. გარდა რეკორდული სხვაობისა, კიდევ ორი რამ არის აღსანიშნი – რუსებმა პირველად წააგეს ისე, რომ ერთი ქულაც ვერ მოიპოვეს და საქართველომ მათ ექვსი ლელო დაუდო, რაც 2006 წლის რეკორდის გამეორება იყო.
ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრებთან ბოლოს 2019 წელს, კრასნოდარში, ყუბანის სარაგბო სტადიონზე ითამაშეს და ამჯერად 22:6 მოიგეს. სწორედ იმ დღეს გაინაღდეს 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონობა.
მას შემდეგ დაგეგმილი დაპირისპირება ორჯერ გადაიდო, შვიდ თებერვალს, 15 საათზე გაიმართება და იმედია, „ბორჯღალოსნები“ ისეთ მატჩს შემოგვთავაზებენ, რომლის ეპიზოდებიც გულშემატკივარს დიდი ხნის მანძილზე ემახსოვრება.
ფოტოები: gettyimages.com, msy.gov.ge, თამარ ყულუმბეგაშვილი