რაგბი | სამი ქართველი საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
რაგბი | სამი ქართველი საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველი (TOP 14) და მეორე (PRO D2) დივიზიონების მერვე ტური ქართველი მორაგბეებისთვის გამორჩეულად შედეგიანი გამოდგა. ჩვენმა მორაგბეებმა, ჯამში, ექვსი ლელო გაიტანეს, სამი ქართველი კი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

TOP 14-ში რჩეულთა შორის შერკინების ორი ქართველი ბურჯი – გიორგი მელიქიძე და ნიკა აბულაძე დაასახელეს.

გიორგი მელიქიძემ ტრავმა მოიშუშა და „სტად ფრანსეს“ შემადგენლობაში ითამაშა. მისმა გუნდმა შინ „კლერმონი“ 36:6 დაამარცხა და 14 ქულით მე-12 ადგილზეა.

ნიკა აბულაძის „მონპელიემ“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „ლა როშელს“ 16:0 მოუგო. აბულაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. „მონპელიეს“ 14 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.

მეორე დივიზიონში „ორიაკმა“ სტუმრად „მონ დე მარსანი“ ქართველების შედეგიანი თამაშით 33:29 დაამარცხა. სიმბოლურ ნაკრებში მიხეილ ალანია მოხვდა, რომელმაც 53-ე წუთზე ლელო დადო. ამავე მატჩში შესანიშნავად იასპარეზა დაჩი პაპუნაშვილმა (სამი გარდასახვა და ოთხი ჯარიმა გაიტანა), რომელიც „მიდი ოლიმპიკმა“ ტურის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა.