რაგბი | საფრანგეთში ქართველებმა გაიბრწყინეს - აბჟანდაძისა და ნიორაძის შედეგიანი მატჩი „ორიაკში“ [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მესამე ტურის მატჩები გაიმართა. „ორიაკმა“ „გრენობლს“ უმასპინძლა და 42:19 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ქართველ მორაგბეებს მიუძღვით.
ამ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობაში ცხრა ქართველმა ითამაშა – მასპინძელთა შორის სასტრატო შემადგენლობაში იყვნენ თედო აბჟანდაძე და გიორგი ქართველიშვილი, ხოლო შეცვლაზე ირაკლი მჭედლიძე, ლუკა ნიორაძე და მიხეილ ალანია შევიდნენ.
გრენობლელთაგან სასტრატოში თამაში გიორგი ჯავახიამ და გიორგი კვესელაძემ დაიწყეს, მარქაფიდან კი გიორგი მამაიაშვილი და გიორგი პერტაია ჩაერთვნენ.
„ორიაკის“ მიერ მოპოვებული 42 ქულიდან 27 ქართველების ანგარიშზეა – ლუკა ნიორაძემ და თედო აბჟანდაძემ თითო-თითო ლელო დადეს, აბჟანდაძემ ლელოს ოთხი ზუსტი გარდასახვა და სამი ჯარიმა მიამატა, სულ კი თავის გუნდს 22 ქულა მოუტანა (სამი ტურის ჯამში აბჟანდაძის ანგარიშზე 47 ქულაა).
სტუმართაგან თავის გამოჩენა გიორგი პერტაიამ მოახერხა, მაგრამ მის მიერ 68-ე წუთზე დადებული ლელო თამაშის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
რაც შეეხება გიორგი ჯავახიას, 52-ე წუთზე არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.