რაგბი | რიჩარდ კოკერილმა ასისტენტები დაასახელა - ინგლისელ სპეციალისტს შონ სოვერბი და კონორ მაკფილიპსი დაეხმარებიან #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი მუშაობას შეუდგა. ინგლისელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა – მის ასისტენტებად სამხრეთაფრიკელი შონ სოვერბი და ირლანდიელი კონორ მაკფილიპსი იმუშავებენ. რაგბის კავშირმა მათთან ოფიციალური კონტრაქტები გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ კოკერილი, „ბორჯღალოსნების“ გარდა, „შავ ლომსაც“ გაწვრთნის, სოვერბი და მაკფილიპსი კი მას მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში დაეხმარებიან. გარდა ამისა, სამწვრთნელო ჯგუფში რჩება ქართველი სპეციალისტების დიდი ნაწილი.
რიჩარდ კოკერილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ორი გამოცდილი სპეციალისტი დავიმატეთ. შონ სოვერბი დერეფნისა და დაცვის მწვრთნელი იქნება, გუნდს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და ქართულ რაგბის განვითარებაში დაეხმარება.
კონორ მაკფილიპსი შეტევას უხელმძღვანელებს. ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა პეტ ლამთან „კონახტში“, ბოლოს კი პრემიერშიფის „ბრისტოლში“ გახლდათ. ორივე სპეციალისტს ზურგს დიდი საერთაშორისო გამოცდილება უმაგრებს და ძალიან კარგია, საქართველოში ჩამოსვლა რომ შეძლეს. მოუთმენლად ველი მათთან ერთად სამუშაო პროცესის დაწყებას. ორშაბათიდან შევიკრიბებით და დავიწყებთ მზადებას გერმანიასთან მატჩისთვის“.
შონ სოვერბი: „საქართველოს ნაკრებში მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია. ქართველ მორაგბეებთან ადრეც მიმუშავია და მათ ხასიათს, ღირებულებებს, შრომისმოყვარეობასა და თავდადებას კარგად ვიცნობ. ვეცდებით, ჩვენი წინამორბედების ნამუშევარს ჩვენც შევმატოთ რამე და გუნდს ერთი საფეხურით მაღლა ასვლაში დავეხმაროთ“.
45 წლის სამხრეთაფრიკელ შონ სოვერბის თავისი ქვეყნის ნაკრებში 2002 წელს ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან მოთამაშის კარიერა სამშობლოში, „შარქსში“ დაიწყო, თუმცა მალევე საფრანგეთს მიაშურა და 2004-2007 წლებში – „სტად ფრანსეს“, 2007-2012 წლებში – „ტულუზის“, 2012-2014 წლებში კი „გრენობლის“ ღირსებას იცავდა. „ტულუზასთან“ ერთად 2008 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, 2010 წელს კი ჩემპიონთა თასს დაეუფლა.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ის ერთი წელი სამშობლოში მუშაობდა და შემდეგ კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც 2015-2017 წლებში „მონპელიეში“ მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა, 2019 წლიდან კი „ბიარიცის“ მთავარი მწვრთნელი გახდა და პოსტი გასული სეზონის ბოლოს დატოვა.
კონორ მაკფილიპსი: „ლევან მაისაშვილმა და ქორი ბრაუნმა შესანიშნავი საძირკველი შექმნეს, საინტერესო იქნება მათი გზის გაგრძელება. მათ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს და ეს „შავ ლომზეც“ აისახა, თუმცა არის პატარა ნიუანსები, რომლის შედეგად შეგვიძლია, ბიჭებს მეტი შესაძლებლობა მივცეთ. მორკინალებს გარკვეულ ასპექტებში მეტი მუშაობა მოუწევთ, რაც ხაზის მოთამაშეებს მისცემს შესაძლებლობას, სრულად გამოავლინონ პოტენციალი და მეტი ლელო გაიტანონ“.
42 წლის კონორ მაკფილიპსი ირლანდიაში, დუბლინში დაიბადა და პროფესიული კარიერა „კონახტში“ გაატარა (2003-2009 წლებში). პირველ სეზონში მან 11 ლელო გაიტანა და კელტების ლიგის (ამჟამად გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატი) საუკეთესო მელელოვე გახდა. გუნდთან ერთად ორჯერ ითამაშა ჩელენჯ თასის ნახევარფინალში, რაც კლუბისთვის საუკეთესო შედეგია.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ირლანდიის ჩემპიონატის გუნდში, „სენტ მერის კოლეჯში“ მოთამაშე-მწვრთნელი გახდა, მომდევნო წლიდან კი მშობლიურ „კონახტს“ დაუბრუნდა, ჯერ ვიდეოანალიტიკოსად, მერე კი მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.