რაგბი | რიჩარდ კოკერილის დებიუტი წარმატებული გამოდგა - საქართველოს ნაკრებმა გერმანია დაამარცხა #1TVSPORT
რაგბი | რიჩარდ კოკერილის დებიუტი წარმატებული გამოდგა - საქართველოს ნაკრებმა გერმანია დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი გერმანიის ნაკრებთან მატჩით გახსნა – მთავარი მწვრელის პოსტზე ინგლისელი რიჩარდ კოკერილის დებიუტი წარმატებული გამოდგა – „ბორჯღალოსნებმა“ 28:17 მოიგეს.

 

თამაში საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო და ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს – მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში შერკინება დაინიშნა, გერმანელებმა თამაშის წესი დაარღვიეს და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ – 7:0 საქართველოს სასარგებლოდ.

ამის შემდეგ გერმანელები გააქტიურდნენ, საქართველოს ნაკრების მორაგბეები შეცდომებს უშვებდნენ (განსაკუთრებით ხშირად დერეფანში თამაშის დროს ცდებოდნენ), რითიც მეტოქემ კარგად ისარგებლა – ჯერ გარდასახული ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, 10 წუთში კი ჯარიმაც გაიტანა და დაწინაურდა – 10:7.

შეხვედრის პირველი ნახევრის ბოლო წუთებში ქართველებმა დიდი ძალებით შეუტეს და საბოლოოდ ტაიმიც მოიგეს – 14:10.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში სხვაობა გაზარდა – გუნდის კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ეროვნულ ნაკრებში მე-100 შეხვედრა ლელოთი დააგვირგვინა, მატკავამ კი გარდასახვა ზუსტად დაარტყა – 21:10.

მატჩის ბოლომდე გუნდებმა თითო ლელო დადეს და ზუსტად გარდასახეს. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა თამაშის მოგება მოახერხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ შეხვედრას თბილისში ჩაატარებს – 10 თებერვალს – ნიდერლანდების, 17-ში კი ესპანეთის წინააღმდეგ. შეხვედრები „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება.