რაგბი | რიჩარდ კოკერილი - მსოფლიოს ვანახოთ, რა არის ქართული რაგბი და რას ნიშნავს საქართველოში სათამაშოდ ჩამოსვლა #1TVSPORT
რაგბი | რიჩარდ კოკერილი - მსოფლიოს ვანახოთ, რა არის ქართული რაგბი და რას ნიშნავს საქართველოში სათამაშოდ ჩამოსვლა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტმატჩებისთვის მზადება 27 ოქტომბრიდან პარიზში დაიწყო. „ბორჯღალოსნები“ სამ შეხვედრას ჩაატარებენ – 10 ნოემბერს მონპელიეში ქართველების მეტოქე „ოლ ბლექს XV“ იქნება, 17 ნოემბერს გენუაში იტალიას დაუპირისპირდებიან, 24 ნოემბერს კი თბილისში ტონგას უმასპინძლებენ.

საქართველოს ნაკრების მზადებასა და მეტოქეების შესახებ მთვარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა ისაუბრა:

„27 ოქტომბერს სრული შემადგენლობით პარიზში შევიკრიბეთ, სადაც სამი დღე ვივარჯიშეთ. მოთამაშეები თავიანთ კლუბებს დაუბრუნენ, „ოლ ბლექს XV“-თან სათამაშო კვირაში კი უკვე მონპელიეში შევიკრიბებით.

სამდღიან შეკრებაზე ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვიმუშავეთ. დერეფანში თამაში უნდა გამოვასწოროთ, ტრადიციულად, ძლიერი შერკინება გვყავს, თუმცა ამ კომპონენტშიც მოსამატებელი გვაქვს.

ზაფხულში კარგი თამაშების ჩავატარეთ და რამდენიმე ფენომენალური ლელო გავიტანეთ, განსაკუთრებით იაპონიისა და ავსტრალიის წინააღმდეგ. მოგვწონს ასეთი ლაღი და სანახაობრივი თამაში. საბოლოო ჯამში, გუნდის განვითარება უნდა გავაგრძელოთ და, ამავდროულად, ვეცადოთ, რომ თამაშები მოვიგოთ“.

მეტოქეებზე

„ამ პერიოდში ახალი ზელანდიის პირველი ნაკრები ევროპაში თამაშობს და გუნდი, რომელიც ჩვენ დაგვიპირისპირდება („ოლ ბლექს XV“) მეტწილად იმ მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული, ვინც პირველ ნაკრებში ვერ მოხვდა. ამ მომენტისთვის მათი ცხრა მოთამაშე პირველ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. შესაბამისად, რთული თამაში გველის. ეს ჩვენი ფიზიკური გამძლეობისთვის კარგი ტესტი და დიდი გამოცდილება იქნება.

ბოლო წლებში ჩვენსა და იტალიას შორის დიდი სარაგბო დაპირისპირება ჩამოყალიბდა. 2022 წელს ბათუმში მათი დამარცხებით, სერიოზული განაცხადი გავაკეთეთ, თუ სად ვართ ახლა გლობალურ დონეზე. ვაჩვენეთ, რომ პოტენციურად ვიმსახურებთ ექვს ერში თამაშის შესაძლებლობას. იტალიასთან მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ გუნდურად განვითარებაც უნდა გავაგრძელოთ.

რაც შეეხება ტონგას, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვიყვარს საქართველოში თამაში. გვიყვარს, რომ საქართველოსა და ქართველ გულშემატკივრებს წარმოვადგენთ, საკუთარი ქომაგების წინაშე თამაში განსაკუთრებული შეგრძნებაა.

ტონგელები ფიზიკურად ძლიერები არიან, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ კომპონენტში საქართველოც არანაკლებ ძლიერია. ზედიზედ ორი რთული თამაშის შემდეგ ტონგასთან მატჩი საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, რომ ქართველ ქომაგებსა და მსოფლიოს ვანახოთ, რა არის ქართული რაგბი და რას ნიშნავს საქართველოში სათამაშოდ ჩამოსვლა“.