რაგბი | რეიტინგში პორტუგალიამ გადაგვასწრო - საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბის რეიტინგში დიდი ცვლილებები მოხდა, რომელიც საქართველოს ნაკრებსაც შეეხო, სამწუხაროდ, უარყოფითი კუთხით.
ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ფიჯი 24:23 დაამარცხა. ამ შედეგით პორტუგალიელებს კლასიფიკაციაში ერთბაშად 4.0 ქულა შეემატათ და 16-დან მე-13 ადგილზე გადავიდნენ, საქართველოს ნაკრები კი, რომელმაც მსოფლიო თასი მოგების გარეშე დაასრულა, მე-14 პოზიციაზე დაქვეითდა. მე-13 ადგილი პორტუგალიისთვის სარეკორდო მაჩვენებელია, ამ შედეგით მათ, საქართველოს გარდა, სამოა და ტონგაც უკან მოიტოვეს.
ერთი საფეხურით დაქვეითდა რუმინეთის ნაკრებიც, რომელმაც ბოლო ტურში ტონგასთან 24:45 წააგო და მე-19 ადგილი ესპანეთს გადაულოცა, თავად კი მეოცე პოზიციაზე გადაინაცვლა.
რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. ირლანდია – 93.79
2. საფრანგეთი – 90.59
3. სამხრეთ აფრიკა – 89.70
4. ახალი ზელანდია – 87.69
5. შოტლანდია – 83.43
6. ინგლისი – 83.24
7. უელსი – 83.17
8. არგენტინა – 80.55
9. ავსტრალია – 77.48
10. ფიჯი – 77.16
რეიტინგში მორიგი ცვლილებები მსოფლიოს თასის მეოთხედფინალების შემდეგ განხორციელდება.