რაგბი | ქართველი ლეგიონერების შედეგიანი უქმეები - ოთხი ლელო და სიმბოლური ნაკრები [ვიდეო] #1TVSPORT

გასულ შაბათ-კვირას საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ და მეორე დივიზიონში (TOP 14, PRO D2) მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომლებიც ქართველი ლეგიონერებისთვის შედეგიანი გამოდგა.

 

TOP 14

TOP 14-ის ამბებს „პოსა“ და „კასტრის“დაპირისპირებით დავიწყებთ. მასპინძლებმა მეტოქე დიდი ანგარიშით (40:3) დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და „პოს“ ქართველმა კაპიტანმა, ბექა გორგაძემ მე-6 წუთზე ლელო დადო და ანგარიში გახსნა.

გორგაძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა, ტურის შემდეგ კი TOP 14-ის 24-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. „პოს“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი გურამ პაპიძე მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა.

ლელოთი გამოიჩინა თავი კიდევ ერთმა ქართველმა, ბექა საღინაძემ. მისმა „ლიონმა“ „პერპინიანს“ უმასპინძლა და 41:31 გაიმარჯვა. საღინაძემ სრულად ითამაშა და 30-ე წუთზე ლელო გაიტანა.

„კლერმონი“-„სტად ფრანსე“ (32:16) – მასპინძელთა რიგებში დავით ქუბრიაშვილი მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა. სტუმართა შორის გიორგი მელიქიძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 55 წუთი გაატარა, ხოლო „სტად ფრანსეს“ კიდევ ერთი ქართველი სერგო აბრამიაშვილი თამაშში 56 წუთიდან ჩაერთო.

„რასინგი“ – „ბაიონი“ 55:14 – „რასინგში“ გურამ გოგიჩაშვილი სასტარტოში იყო და 50 წუთი ითამაშა;

„მონპელიე“-„ბრივი“ 26:27 – „მონპელიეში“ გელა აფრასიძე 39-ე წუთზე შევიდა მოედანზე;

„ტულონი“-„ლა როშელი“ 8:23 – „ტულონში“ ძირითადში იყო ბექა გიგაშვილი და 49-ე წუთზე შეცვალეს;

„ტულუზი“-„ბორდო“ 31:17 – „ბორდოში“ ლექსო ყაულაშვილმა 51-ე წუთიდან ითამაშა.

 

PRO D2

რანგით მეორე დივიზიონში ქართველებმა სამ თამაშში გამოიჩინეს თავი.

„კოლომიემ“ აუსტაიდერი „მასი“ 47:14 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ძირითადში იყო ბექა შეყლაშვილი, ბექამ 26-ე წუთზე შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, 46-ე წუთზე კი შეცვალეს. „მასის“ რიგებში სასტარტოში იყო უშანგი ჭეიშვილი, მან 48 წუთი ითამაშა.

„გრენობლისა“ და „ვანის“ შეხვედრა მასპინძლებმა 27:24 მოიგეს, ლუკა გოგინავამ 28-ე წუთზე შესანიშნავი ლელო დადო. მასთან ერთად  სასტარტოში იყო ირაკლი აფციაურიც. ქართველები 49-ე წუთზე შეცვალეს

კიდევ ერთი თამაში, სადაც ქართველმა გამოიჩინა თავი, „ნევერი“-„მონტობანი“ იყო. სტუმართა შემადგენლობაში თედო აბჟანდაძემ ერთი გარდასახვა და ორი ზუსტი ჯარიმა შეასრულა, „მონტობანი“ 13:48 დამარცხდა, სტუმართა შემადგენლობაში, თედოს გარდა, ძირითადში იყვნენ მირიან ბურდული და ოთარ გიორგაძე. გიორგაძემ სრულად ითამაშა, ბურდული და აბჟანდაძე შეცვალეს.

„ნევერის“ შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა ლაშა ჯაიანმა.

რაც შეეხება სხვა შეხვედრებს:

„ბეზიე“-„აჟენი“ 41:14 – „ბეზიეს“ შემადგენლობში გიორგი ახალაძემ 46-ე წუთიდან ითამშა.

„ორიაკი“-„ბიარიცი“ 38:12 – „ორიაკის“ შემადგენელობაში სამი ქართველი ძირითადში იყო – ბექა შვანგირაძემ სრულად ითამაშა, გიორგი ჯავახია და მიხეილ ალანია 56-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო „ორიაკის“ კიდევ ერთი ქართველი ლუკა ნიორაძე 59-ე წუთიდან ჩერთო თამაშში.

„ოიონაქსი“-„ანგულემი“ 33:31 – სტუმართა შორის მატჩის ბოლო 23 წუთი ითამაშა შოთა გოგისვანიძემ.

„კარკასონი“-„პროვანსი“ 34:14 – მასპინძელთა რიგებში მეორე ტაიმი ითამაშეს ვახტანგ ახობაძემ და ლუკა პეტრიაშვილმა.

„მონ დე მარსანი„-„რუანი“ 47:17 – სტუმართა შემადგენლობაში 61-ე წუთიდან ითამაშა ხვიჩა ცოფურაშვილმა.