რაგბი | ქართველი ლეგიონერების ნაკლებად შედეგიანი ტური საფრანგეთში #1TVSPORT
საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში (PRO D2) 28-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომელიც ქართველი მორაგბეებისთვის ნაკლებად შედეგიანი გამოდგა. წინა ტურისგან განსხვავებით, სადაც ლელო სამმა ქართველმა დადო, ამჯერად ჩვენმა ლეგიონერებმა შედეგიანი მოქმედებებით თავი ვერ გამოიჩინეს.
ტური 13 აპრილს „ორიაკისა“ და „აჟენის“ მატჩით დაიწყო. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ქართველი იყო – ლუკა ნიორაძე, გიორგი ქართველიშვილი, მიხეილ ალანია და გიორგი გოგოლაძე. 46-ე წუთიდან თამაშში გიორგი ჯავახია ჩაერთო. ალანია და გოგოლაძე 58-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ნიორაძემ და ქართველიშვილმა მოედანზე 65 წუთი გაატარეს. „ორიაკი“ საკუთარ მოედანზე 12:38 დამარცხდა და 28 ტურის შემდეგ 60 ქულით მე-11 ადგილზეა, „აეჟენი“ კი (76) მეხუთეა.
დანარჩენი მატჩები 14 აპრილს გაიმართა.
„ანგულემმა“ საკუთარ მოედანზე „ბიარიცი“ 18:11 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში ომარ ოდიშვილი 52-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში, სტუმართა შირის კი ლუკა ჭელიძე ძირითადში იყო და სრულად ითამაშა. „ანგულემი“ 51 ქულით – მე-13, „ბიარიცი“ კი (60) მე-9 ადგილზეა.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა „ბეზიესა“ და „მასის“ შეხვედრაში. აუტსაუდერმა „ბეზიე“ სტუმრად 24:19 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში ძირითადში იყო და 50-ე წუთი ითამაშა გიორგი ახალაძემ. „მასის“ სასტრატოში დაიწყო თამაში უშანგი ჭეიშვილმა, რომელიც ასევე 50 წუთზე შეცვალეს. „ბეზიე“ 60 ქულით მეათეა, „მასი“ (33) ბოლო ადგილზეა.
„კარკასონი“ საკუთარ მოედანზე „ვანთან“ 22:31 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში სოსო ბეკოშვილმა და ვახტანგ ახობაძემ ითამაშეს. ბეკოშვილი სასტარტოში იყო და 23-ე წუთზე თანამემამულე ახობაძემ შეცვალა. „კარკასონი“ 46 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და პრო D2-ში დასარჩენად იბრძვის.
„მონ-დე-მარსანისა“ და „მონტობანის“ მატჩში (25:13) სტუმართა რიგებში ძირითადში იყო თედო აბჟანდაძე, რომელმაც 53 წუთი გაატარა მოედანზე. მისი გუნდი 50 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ „კარკასონს“ ოთხი ქულით უსწრებს.
„ნევერისა“ და „გრენობლის“ მატჩში (31:14) მასპინძელთა ძირითადში დაიწყო თამაში ილია კაიკაციშვილმა, რომელიც 67-ე წუთზე ლაშა ფხაკაძემ შეცვალა, ხუთი წუთით ადრე მასპინძელთაგან თამაშში ლაშა ჯაიანი ჩაერთო. „ნევერს“ 76 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, მას სამი ქულით უსწრებს მეორეადგილოსანი „გრენობლი“.
საფრანგეთის პრო D2-ის მორიგი ტურის მატჩები 28 აპრილს გაიმართება.