რაგბი | ორი ქართველის სამი ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT
გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის (PRO D2) მე-18 ტურის მატჩები, რომლებშიც ქართველმა მორაგბეებმაც მიიღეს მონაწილეობა და წარმატებით ითამაშეს.
„ვალანსმა“ საკუთრ მოედანზე „გრენობლს“ უმასპინძლა და 30:21 დაამარცხა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ახალგაზრდა ქართველმა მესამეხაზელმა, იოანე იაშაღაშვილმა შეიტანა, რომელმაც ამ შეხვედრაში ორი ლელოს დადება მოახერხა. ამ მოგების შემდეგ „ვალანსი“ საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში 34 ქულით მე-13 ადგილზეა.
ეს მიმდინარე სეზონში 23 წლის იაშაღაშვილის მეოთხე ლელოა.
ამავე ტურში „ორიაკმა“ „მონ დე მარსანს“ უმასპინძლა. „ორიაკის“ სასტარტო შემადგენლობაში სამი ქართველი მორაგბე იყო – ლუკა ნიორაძე, გიორგი ქართველიშვილი და მიხეილ ალანია, ბექა შვანგირაძე კი შეხვედრაში 42-ე წუთიდან ჩაერთო და ქართველმა მესამეხაზელმა სამ წუთში შეხვედრის ერთ-ერთი გადამწყვეტი ლელო დადო, რომლის შემდეგაც მისი გუნდი 15:14 დაწინაურდა, საბოლოოდ კი შეხვედრა 27:24 მოიგო.
„ორიაკმა“ 43 ქულა დააგროვა, მეშვიდე ადგილზეა და პლეი ოფის ზონაში მყოფ „ბრივს“ ორი ქულით ჩამორჩება.
21 წლის ბექა შვანგირაძემ მიმდინარე სეზონში მეოთხე ლელო დადო.