რაგბი | ნოემბრის ტესტმატჩებში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვასილ ლობჟანიძე იქნება #1TVSPORT
რაგბი | ნოემბრის ტესტმატჩებში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვასილ ლობჟანიძე იქნება #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბერში სამ ტესტმატჩს გამართავს – „ბორჯღალოსნების“ პირველი მეტოქე 10 ნოემბერს „ოლ ბლექს XV“ იქნება, 17 ნოემბერს საქართველოს ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება, ტესტმატჩების სერიას კი 24 ნოემბერს თბილისში ტონგასთან მატჩით დაასრულებს.

ამ შეხვედრებში საქართველოს ნაკრებს ახალი კაპიტანი ეყოლება – გუნდს ვასილ ლობჟანიძე გაუძღვება.

28 წლის ლობჟანიძე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია რიჩარდ კოკერილის მიერ შერჩეულ საშემოდგომო რაზმში. ლობჟანიძის სანაკრებო დებიუტი 2015 წელს გერმანიასთან შედგა და იმავე წელს, 17 წლის ასაკში, გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვისაც მსოფლიო თასზე უთამაშია. დღემდე ლობჟანიძემ უკვე სამ მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა, ჯამში, ნაკრებში 87 თამაში ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 78 ქულაა (15 ლელო, 1 არეკნი).

ვასილ ლობჟანიძე „ბორჯღალოსნების“ ისტორიაში 35-ე კაპიტანი იქნება.

„ბექა გორგაძე და ბექა საღინაძე ტრავმების გამო ვერ გვეხმარებიან და მე მომიწია კაპიტნობა. კარგად მესმის, ეს რამხელა პასუხისმგებლობაა, ბევრი რამის სხვა თვალით დანახვა მომიწია. ბიჭების დიდი იმედი მაქვს, ისინი გვერდში მიდგანან და დარწმუნებული ვარ, მათი დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ვასილ ლობჟანიძემ.