რაგბი | ნინიაშვილის და კარკაძის ლელოები - „ლიონი“ და „მონპელიე“ ევროთასების პლეი ოფში ითამაშებენ [ვიდეო] #1TVSPORT
გაიმართა რაგბის ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის გათამაშების მატჩები, რომლებშიც ქართველმა მორაგბეებმაც გამოიჩინეს თავი.
ჩემპიონთა თასზე დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის „ლიონი“ სტუმრად „სარასენსს“ შეხვდა. ლიონელებმა შეხვედრის პირველი ნახევარი კარგად ჩაატარაეს და ტაიმი 17:5 მოიგეს, რაშიც თავისი წვლილი ნინიაშვილმაც შეიტანა – „ბორჯღალოსნების“ ლიდერმა მე-14 წუთზე საკუთარ ნახევარზე მეტოქის პასი ჩაჭრა, თითქმის 80 მეტრი ირბინა და ლელო დადო. ეს ჩემპიონთა თასზე ნინიაშვილის პირველი ლელოა.
ფრანგულმა კლუბმა მეორე ტაიმში უპირატესობა ხელიდან გაუშვა და საბოლოოდ 24:39 წააგო. ნინიაშვილმა 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთით გააძევეს. ბექა საღინაძეს არ უთამაშია.
„ლიონმა“ ჯგუფში 12 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზე გავიდა და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
ჩელენჯ თასზე „მონპელიე“ სტუმრად „ბენეტონს“ შეხვდა და 19:27 დამარცხდა, თუმცა პლეი ოფში თამაში გაინაღდა.
„მონპელიემ“ ამ შეხვედრაში სამი ლელო დადო, რომელთაგან ერთ-ერთი ვანო კარკაძის ანგარიშზეა – ქართველმა მორაგბემ თავი 67-ე წუთზე გამოიჩინა.