რაგბი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასს ავსტრალიასთან მატჩით იწყებს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასს ავსტრალიასთან მატჩით იწყებს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

რაგბიში მსოფლიო თასი 8 სექტემბერს საფრანგეთში დაიწყო. გახსნის მატჩში მასპინძლებმა ახალი ზელანდია 27:13 დაამარცხეს. დღეს კი ტურნირში საქართველოს ნაკრები ჩაერთვება. მისი მეტოქე შეჯიბრების ერთ-ერთი ფავორიტი ავსტრალია იქნება. მატჩი 19:50 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ. 

მსოფლიო თასზე ავსტრალიის გარდა საქართველოს მეტოქეები იქნებიან ფიჯი, უელსი და პორტუგალია. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის.

როგორც წესი, ჯგუფიდან გასვლის მთავარი პრეტენდენტი ავსტრალიაა. მეორე ადგილისთვის კი დანარჩენი გუნდები იბრძოლებენ.

საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებების შემადგენლობებს შეგიძლიათ აქ გაეცნოთ:

 

 

საფრანგეთი უდიდეს სარაგბო ფორუმს მესამედ მიიღებს. 1991 წელს ამ ქვეყანამ მსოფლიო თასს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიასთან ერთად უმასპინძლა, ხოლო 2007 წელს დამოუკიდებლად ჩაატარა პირველობა.

 

მასპინძელი არენები:

მსოფლიო თასი 8 სექტემბერს „სტად დე ფრანსზე“ საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება. ეს არენა ყველაზე მეტ მაყურებელს იტევს და ტურნირის ფინალიც 28 ოქტომბერს სწორედ აქაა დეგეგმილი. ჯამში, პლანეტის პირველობის მატჩები 9 სტადიონზე გაიმართება.

„სტად დე ფრანსი“, პარიზი – 80 023
„ველოდრომი“, მარსელი – 67 848
„ოლიმპიური“, ლიონი – 58 883
„პიერ-მორო“, ლილი – 50 096
„სტად დე ბორდო“, ბორდო – 42 115
„სტად ჯოფრი-გიშარი“, სტ.ეტიენი – 41 965
„სტად დე ნიცა“, ნიცა – 35 983
„სტად დე ლა ბუჟუა“, ნანტი – 35 520
„სტადიუმ დე ტულუზა“, ტულუზა – 33 150

 

ტურნირის ფორმატი:

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე 20 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ისინი 5-5 გუნდად 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2 გუნდი გადის, ხოლო მე-3 ადგილზე გასული ნაკრები ავტომატურად ინაღდებს 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურს.

მეოთხედფინალში A ჯგუფის პირველადგილოსანი B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, ხოლო A ჯგუფის მეორეადგილოსანი – B ჯგუფის პირველადგილოსანს. C ჯგუფში პირველ ადგილზე გასული D ჯგუფში მეორე საუკეთესოს შეხვდება და C-ს მეორეადგილოსანი D-ს პირველ ადგილზე გასულთან გაარკვევს ნახევარფინალისტის ვინაობას. პლეი ოფი 14 ოქტომბერს დაიწყება.

 

მსოფლიო თასის მფლობელები:

მსოფლიო თასი 1987 წლიდან იმართება და მისი გამარჯვებულები, ძირითადად, სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდები ხდებოდნენ. ერთადერთი გამარჯვებული ჩრდილოეთიდან ინგლისია (2003). მოქმედი ჩემპიონის რანგში მსოფლიო თასს სამხრეთ აფრიკის ნაკრები დაიწყებს.

2019 წელს იაპონიაში ჩატარებული მსოფლიო პირველობის ფინალში სამხრეთაფრიკელებმა ინგლისი 32:17 დაამარცხეს.

 

მსოფლიო თასი ციფრებში:

ყველაზე მეტი მონაწილეობა: ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, იაპონია, იტალია, შოტლანდია, არგენტინა (9).

ყველა დროის საუკეთესო მექულე: ჯონი ვილკინსონი, ინგლისი (277)

ყველაზე მეტი ქულა ერთ ტურნირზე: გრანტ ფოქსი, ახალი ზელანდია, 1987 (126)

ყველაზე მეტი ლელო: ჯონა ლომუ, ახალი ზელანდია. ბრაიან ჰაბანა, სამხრეთ აფრიკა (15)

ყველაზე მეტი მატჩი: ჯეისონ ლეონარდი, ინგლისი, 1991-2003. რიჩი მაქქოუ, ახალი ზელანდია, 2003-2015 (22)

ყველაზე მეტი მოგებული მატჩი: რიჩი მაქქოუ, ახალი ზელანდია (20)

უხუცესი მოთამაშე: დიეგო ორმაკეადა, ურუგვაი, 1999 (40 წლის და 26 დღის)

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე: ვასილ ლობჟანიძე, საქართველო, 2015 (18 წლის და 340 დღის)

ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება: ავსტრალია – ნამიბია, 2003 (142:0)

დებიუტანტი:

მსოფლიო თასს ერთადერთი დებიუტანტი ეყოლება. 2023 წელს ტურნირზე პირველად ითამაშებს ჩილეს ნაკრები. მეორედ მიიღებს გათამაშებაში მონაწილეობას პორტუგალია. პირველად პირინეელებმა 2007 წელს ითამაშეს მსოფლიო პირველობაზე.

 

საქართველოს ნაკრები მსოფლიოზე:

საქართველოს ნაკრებისითვის 2023 წლის მსოფლიო თასი მე-6 იქნება ისტორიაში. „ბორჯღალოსნებმა“ უდიდეს სარაგბო ფორუმზე პირველად 2003 წელს იასპარეზეს. საუკეთესო ჩვენი გუნდისთვის 2015 წლის გათამაშება იყო, მაშინ ნაკრებს მილტონ ჰეიგი წვრთნიდა და ჯგუფში 2 თამაშის მოგება მოახერხეს, დაამარცხეს ტონგასა და ნამიბიის ნაკრებები.

პირველი ქართველი, რომელმაც მსოფლიო თასზე ლელო დადო, დავით დადუნაშვილი იყო. მან ეს 2003 წელს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გააკეთა. პირველი გამარჯვება კი 2007 წლით თარიღდება, მაშინ „ბორჯღალოსნებმა“ ნამიბია 30:0 დაამარცხეს.

ჯამში, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასებზე 5 შეხვედრა მოიგო და 15-ში დამარცხდა. 2023 წელს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იქნება, ხოლო კაპიტანი – მერაბ შარიქაძე. ჩვენი გუნდი C ჯგუფში მოხვდა ავსტრალიის, პორტუგალიის, ფიჯისა და უელსის ნაკრებებთან ერთად.

 

საქართველოს ნაკრების კალენდარი მსოფლიო თასზე:

9 სექტემბერი | ავსტრალია – საქართველო („სტად დე ფრანსი“, პარიზი)
23 სექტემბერი | საქართველო – პორტუგალია („სტადიუმ დე ტულუზა“, ტულუზა)
30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო („სტად დე ბორდო“, ბორდო)
7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო („სტად დე ბუჟუა“, ნანტი)