რაგბი | ლუკა მატკავამ, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრები ლუკა მატკავა და თედო აბჟანდაძე საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის (PRO D2) კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ – ინფორმაციას გამოცემა Rugbypass-ი ავრცელებს.
„„მონტობანში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ თედო აბჟანდაძე „ორიაკში“ გადასვლის მთავარი კანდიდატია, სადაც საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი, ანტუან ოკანე უნდა შეცვალოს, რომელიც, დიდი ალბათობით, კარიერას „პერპინიანში“ გააგრძელებს.
24 წლის აბჟანდაძე მიმდინარე სეზონში „მონტობანის“ სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება და კლუბის შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იქნება. აბჟანდაძე საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მისთვის სათამაშო პრაქტიკა მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ლუკა მატკავას, მან პირველ ქართულ ფრანჩაიზში, „შავ ლომში“ სამი შთამბეჭდავი სეზონი გაატარა და გუნდთან ერთად ევროპის სუპერთასის სამგზის გამარჯვებული გახდა. 22 წლის მორაგბის შეძენით რამდენიმე ფრანგული კლუბია დაინტერესებული. ლუკასთნ კონტრაქტის გაფორმება „პროვანსს“ სურს, მაგრამ მხარეები ჯერჯერობით შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ, ამას გარდა, მატკავს გადაბირებას „გრენობლი“ და „ოიონაც“ ცდილობენ და გეგმავენ, რომ ტრანსფერის საკითხი ივნისში გადაწყვიტონ.
მატკავმ 2023 წლის მსოფლიო თასზე ოთხიდან სამი მატჩი საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა, მან ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის ფორმაციის გუნდშიც ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.
თუ ტრანსფერი განხორციელდა, ეს ლუკასთვის პირველი უცხოური გამოცდილება იქნება“.